16:46:23     28-02-2018
გედევან ფოფხაძე: წინა მოწვევის საკრებულოში, ზაზა ჩაჩანიძემ გიორგი გიუაშვილის გალახვა დაგეგმა

ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ბორჯომის საკრებულოში დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
პარლამენტარი ინიციატივით გამოდის, რომ ბორჯომის საკრებულოს ხელახალი არჩევნები ჩატარდეს.
„მსგავსი სამწუხარო ფაქტები წინა მოწვევის საკრებულოშიც ხდებოდა. ამ ყველაფრის ცენტრში გიორგი გიუაშვილი იყო. წინა მოწვევის საკრებულოში, მოქმედმა თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძემ გიუაშვილის გალახვა დაგეგმა. ახლა ერთად არიან, რაც არსებული ფონის გათვალისწინებით ბუნებრივად მიმაჩნია, რადგან ადამიანები სხვა ფორმას ვერ ნახულობენ თუ არა, ფიზიკურ დაპირისპირებასა და შეურაცხყოფას. “ლეიბორისტები” “პატრიოტთა ალიანსი” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთად ერთადერთი მიზნით დადგა, რომ “ქართულ ოცნებას” შანტაჟი და საბოტაჟი მოუწყოს, რათა ვერაფერი გავაკეთოთ. ეს რაიონსა და მოსახლეობას აზარალებს. შეიძლება სხვადასხვა გამოსავალი მოიძებნოს, მაგრამ შეიძლება ერთ-ერთი გამოსავალი ხელახალი, ახალი არჩევნების ჩატარება იყოს”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საკრებულოში ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი.
ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი "ქართული ოცნების" 11-მა დეპუტატმა დაუჭირა. 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ხელფასების საკითხი ჩავარდა.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება სწორედ აღნიშნული საკითხის ჩავარდნამ გამოიწვია.
0