16:04:03     28-02-2018
ევროპარლამენტში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, კიდევ ერთი რეზოლუცია მზადდება

ევროპარლამენტში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, კიდევ ერთი რეზოლუცია მზადდება, რომელსაც ბრიუსელში მხარს უჭერენ.
კონკრეტული ვადები არ სახელდება, თუმცა ვარაუდობენ, რომ რეზოლუცია ზაფხულამდე მომზადდება.
რეზოლუციის სწრაფად მომზადების ერთ-ერთი მიზეზი, ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა გახდა.
ევროპარლამენტარებს მიაჩნიათ, რომ რეზოლუციაში საუბარი გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე უნდა იყოს.
ამასთან, რეზოლუციაში ასახული უნდა იყოს მათი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ქართველი დეპუტატები ამ თემებთან დაკავშირებით, ევროპელ კოლეგებთან შეხვედრებს მართავენ.
"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან. დღის წესრიგში რამდენიმე საკითხია და მინდა გითხრათ, რომ მხარს ვუჭერ რეზოლუციის მომზადებას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის 10 წლისთავთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. ევროპარლამენტი არ უნდა გაჩუმდეს ასეთ თემებზე. ამ რეზოლუციით ასევე შევძლებთ ინფორმირებულობის გაზრდას ევროკავშირის 28-ვე წევრ ქვეყანაში, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, როგორც ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორის, ტერიტორიულ მთლიანობას,“ - განაცხადა ევროპარლამენტის დელეგაციას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა.
0