15:20:35     28-02-2018
ზურაბ ჭიაბერაშვილი: ვნახავთ, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი“ ბევრჯერ დაირღვევა

პარლამენტში „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონის დანერგვის საკომუნიკაციო კამპანია „გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან“.
როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ჟურნალსიტებს განუცხადა,გაერო-ს განვითარების ფონდის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი გათვლებით, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვით, შემდეგი 15 წლის განმავლობაში ჩვენ გადავარჩენთ 53 000 ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს ნაადრევად, ათი წლით ადრე სიკვდილისაგან და 3,5 მილიარდ ლარს დავზოგავთ იმ ხარჯების არ გაღებით, რომელიც თამბაქოსგან გამოწვეულ დაავადებებს მოჰყვება.
„პირველი მაისიდან იწყება ამ კანონმდებლობით განსაზღვრული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნორმის დანერგვა, კერძოდ, დახურულ შენობებში თამბაქოს კვამლის აკრძალვა. თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი საქართველო არის ამ კამპანიის გზავნილი. უნდა გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან 1-ელი მაისიდან - ეს იქნება ის მესიჯი, რომელსაც მიიღებს ჩვენი საზოგადოება ამ ორი თვის განმავლობაში, რაც დარჩა კანონის ნორმის ამოქმედებამდე. ძირითადი ამოცანა გახლავთ ჩვენ მოქალაქეებს ავუხსნათ, რომ პირველი მაისიდან ჩვენი მწეველი მოქალაქეები გამოვიდნენ გარეთ და მოწიონ. ამისათვის მათ აქვთ მთელი საქართველოს ტერიტორია, 68 ათასი კვადრატული კილომეტრი. მხოლოდ ძალიან მცირე ტერიტორიაზე იქნება მოწევა აკრძალული ისევ და ისევ მათივე თანამოქალაქეების საკეთილდღეოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადასარჩენად", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
PRESA.Ge „ევროპული საქართველოს“ წევრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს ესაუბრა:
- ზოგადად ის, რომ ჩვენ მსოფლიოს ფეხი უნდა ავუწყოთ და თამბაქოს მოხმარეობა უნდა შემცირდეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. რადგან უამრავი დაავადების მიზეზია, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით თამბაქოს მოხმარების შემცირება. სხვა საკითხია, თვითონ მიღებული კანონპროექტი რამდენად არის ადეკვატური ჩვენი რეალობისთვის, განსაკუთრებით მისი განხორციელების თვალსაზრისით.
- ამ კანონს მიღების დროსაც ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა. თქვენი აზრით, არის თუ არა ადეკვატური თამბაქოს წინააღმდეგ რეფორმა ჩვენი რეალობის ადეკვატური?
- ძალიან ეჭვი მეპარება, რომ მოხდეს ამ კანონის ბევრი ნორმის ეფექტური აღსრულება, განსაკუთრებით თბილისის გარეთ. დედაქალაქში შეიძლება დავიცვათ კანონი პარლამენტის შენობაში, საჯარო დაწესებულებებში, რამდენიმე რესტორანში, მაგრამ რამდენად მოხდება მისი ეფექტური დაცვა თუნდაც თბილისში, ან მის გარეთ, რამდენად მზად არიან სახელმწიფო ინსტიტუტები ამ კანონის გატარებისთვის, ეს არის სერიოზული კითხვის ნიშანი ჩემთვის.
- ანუ, ეს გულისხმობს, რომ როგორც ხელისუფლება, ისე საზოგადოება ამ კანონის აღსრულებისთვის მზად არ არის?
- ჩვენ ვნახავთ, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი“ ბევრჯერ დაირღვევა. თავის დროზე, როცა კანონპროექტის მიღების პროცესი იყო, განვაცხადე კიდეც ამის შესახებ. ყველაზე მეტად რაც მაშფოთებს, ის არის, რომ მიღებული კანონები მხოლოდ ფურცელზე არ გვქონდეს. ბევრი კანონი ფურცელზე კარგია, მაგრამ ცხოვრებაში არ ტარდება, რადგან სათანადო აღსრულების მექანიზმი არ არსებობს. ზოგჯერ სჯობს, კანონი დაიწყო შედარებით მცირე მასშტაბით, მაგრამ რასაც დაწერ, ზუსტად აღასრულო, ვიდრე დაწერო იდეალური ვარიანტი და აღსრულება გაგიჭირდეს.
- „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“ გაავრცელა განცხადება სადაც ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუმზადებელია აღსრულების თვალსაზრისით და გაურკვეველია ფუნქცია სამომავლოდ...
- როცა პარლამენტში კანონი იხილებოდა, მე პრინციპების დონეზე კანონპროექტს მხარი დავუჭირე, მაგრამ მესამე მოსმენით ხმა აღარ მიმიცია. ჩემი მოტივიც სწორედ ეს იყო. თუ ვერ ვხედავ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის აღსრულებისთვის მზად არ არის, რა აზრი აქვს ამის მიღებას.
- რა შეიძლება გამოიწვიოს გაუმართავი კანონის ასევე გაუმართავმა მოქმედებამ?
- კანონის ამოქმედებიდან ძალიან მალე დავინახავთ პრობლემებს და თამბაქოს კონტროლის პლატფორმას, არასამთავრობო ორგანიზაციებს , ჩვენ ყველას ისევ მოგვიწევს საჯარო დებატები საიმისოდ, რომ მივაღწიოთ კანონის მოქმედების ეფექტური მექანიზმის შექმნას.
- როგორ იმუშავებს საჯარიმო მექანიზმი და რამდენად იმოქმედებს ეს, ერთი მხრივ საზოგადოებისა და მეორე მხრივ, სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ?
- თუ კანონი აღსრულდება, ფინანსურად გრძელვადიანად კარგია, რადგან თამბაქოს მოხმარების შემცირებას დადებითი ეფექტი აქვს საზოგადოებაზე. ჯანდაცვაზეც ნაკლები თანხების ხარჯვა მოგვიწევს, ეკონომიკური ეფექტიც დადებითი აქვს, მაგრამ საჭიროა აქამდე მივიდეთ. ახლა საჭიროა, მეტი ფული ჩავდოთ რეფორმაში, რომ სააღსრულებო მექანიზმები შეიქმნას.
0