13:26:54     28-02-2018
საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრს შეხვდება

საპარლამენტო უმრავლესობა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას აპირებს.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განცხადებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა მარტის ბოლომდე იგეგმება, მანამდე კი, დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრები გაიმართება, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან.
მისი თქმით, უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ორგანიზებით, ცვლილებების თაობაზე პოზიციები უკვე გამოიკვეთა როგორც მომხრეების, ასევე, მოწინააღმდეგეების მხრიდან.
აკაკი ზოიძე ამ საკითხთან დაკავშირებით, „კონსერვატორების“ პოზიციას გამოეხმაურა და განმარტა, რომ ისინი ნარკომოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მოხსნას არ ეთანხმებიან.
„პოზიციები პრემიერთან შეჯერდება. ჩვენი ლიდერი პრემიერია და უმრავლესობის შეჯერებული პოზიცია, პრემიერთან შეჯერებას ნიშნავს. ეს შეხვედრა ყველა მონაწილე მხარესთან იქნება. აღნიშნული თემა ისეთია, სადაც საზოგადოების ნაწილი რეფორმის მოწინააღმდეგედ ისე დარჩება, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში მოხდა. თუმცა, მათ აზრი მაშინ შეიცვალეს, როცა ორი-სამი წლის შემდეგ შედეგები მიიღეს. გასაგებია, რომ ამ კონკრეტულ ცვლილებას „კონსერვატორების“ მხარდაჭერა არ ექნება, რადგან მათი აზრით, ამ მიმართულებით საერთოდ არაფერი უნდა შეიცვალოს და მხოლოდ სერვისების განვითარება უნდა მოხდეს. “კონსერვატორები” ნარკომოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მოხსნას არ ეთანხმებიან. პოზიცია არსებობს, რაზეც შევჯერდებით და რაზეც აზრთა სხვადასხვაობა იქნება. ან თავისუფალი კენჭისყრა გაიმართება, ან ყველაფერი ისე მოხდება, როგორც პრემიერი და უმრავლესობა გადაწყვეტენ“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობა ჯერ არ გამართულა.
0