შეჭმული მილიონები - გარდაბნის 5 სოფელს წყალი კიდევ ორი წელი არ ექნება შეჭმული მილიონები - გარდაბნის 5 სოფელს წყალი კიდევ ორი წელი არ ექნება />


  16:17:48     27-02-2018

შეჭმული მილიონები - გარდაბნის 5 სოფელს წყალი კიდევ ორი წელი არ ექნება

a76458.jpg

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში ჯერ წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპიც არ დასრულებულა.

წესით, მარტყოფის, ახალსოფლის, ნორიოსა და უწყლობით გატანჯულ კიდევ ორ სოფელში, უკვე უნდა იგრძნობოდეს ის საოცნებო დღე, როდესაც ადგილობრივების ონკანებში წყალი წამოვა. 

თუმცა, პროექტი, რომელსაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის დაკვეთით გაერთიენებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს, რატომღაც უსაშველოდ იწელება.

ეს მაშინ, როდესაც 2017 წლის სექტემბერში, „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელმა, სამუშაოების დასრულების თარიღად მიმდინარე წლის ბოლო თვე დაასახელა.

[I=3]თავს იწონებდა გარდაბნის გამგებლის მოადგილეც, რომელიც ჩვენთან საუბრისას რიხით აცხადებდა რომ „საუკუნის პროექტის ფარგლებში, 2017 წლის დასასრულს, მუნიციპალიტეტის 5 სოფელს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნებოდა“. 

თუმცა, მისი სიტყვებიც „ისეთივე სიმართლე“ გამოდგა, როგორც გამგებლად ტრანსფორმირებული ფეხბურთელის წინასაარჩევნოდ გაცემული ცრუ დაპირებები.

გარდაბნის გამგეობაში დღეს უკვე „სხვა სიმღერას“ მღერიან. მუნიციპალიტეტში ამბობენ რომ ზემოთხსენებულ 5 სოფელში წყალი კიდევ ორი წელი არ იქნება. 

პრესა.ჯი: რატომ არ დასრულდა წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი? 

მარი ქარდავა (მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი):  გარდაბნის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდზე ძალიან კარგად არის ჩაშლილი ეს საკითხი.

პირველი ეტაპის სამუშაოების დაწყების თარიღად მითითებულია 2017 წლის 30 ივლისი, სამუშაოების დასრულების თარიღად კი - 2018 წლის 31 მაისი. 

- სწორედ თქვენს ოფიციალურ საიტზე იყო მითითებული მთლიანი სამუშაოების დასრულების თარიღად 2017 წლის დეკემბერი... თუმცა, მოგვიანებით ეს თარიღი შეიცვალა. რატომ?

- ჩვენს არ გვითქვამს რომ სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. ზუსტი დრო არ იყო დადგენილი აქამდე. 

- ანუ სამუშაოები ისე დაიწყეთ რომ მისი დასრულების სავარაუდო თარიღიც არ იცოდით? რას ითვალისწინებს პირველი ეტაპი, რომელიც, როგორც თქვენ თქვით, ახლა უკვე მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს? 

- პირველი ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებს ნაწილობრივ სათავე ნაგებობის - სატუმბი სადგურის, შემკრები რეზერვუარის, დამცავი კედლის, ჭაბურღილების და კოლექტორის მოწყობას. 

აღნიშნული სამუშაოები დაწყებულია, რომელიც 2018 წლის 31 მაისს უნდა დასრულდეს. 

- შემდეგ რა მოხდება, როდის დაიწყება მეორე ეტაპი და საბოლოოდ, როდის დასრულდება ეს პროცესი, თუ კიდევ არ გადაწევთ თარიღს? 

- როდესაც პირველი ეტაპი დასრულდება, შემდეგ უნდა დაიწყოს სხვა სამუშაოები, რომელიც გულისხმობს სოფლების დაქსელვას და გამრიცხველიანებას.

ეს პროცესი, დაახლოებით, 2019 წლის დასასრულსა და 2020 წლის დასაწყისში უნდა დასრულდეს. ჩვენი მხრიდან ყველა პირობა შესრულებულია“. 

[I=4]როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროექტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფის შესახებ, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ახორციელებს. 

კომპანიის ანგარიშზე, მთლიანი თანხის სოლიდური ნაწილი უკვე გადარიცხულია, თუმცა, მთლიანი სამუშაოების სოლიდური ნაწილი ჯერ დაწყებულიც არ არის.

რატომ?

ამის გასარკვევად, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის მოადგილეს, ზაზა სიხარულიძეს დავუკავშირდით. 

ის, სამუშაოების დაგვიანების მიზეზად, პროექტში შეტანილ ცვლილებებს ასახელებს.

- ბატონო ზაზა, თქვენი დაპირების მიუხედავად, რატომ არ დასრულდა წყალმომარაგების სამუშაოების პირველი ეტაპი დღემდე? 

- დიახ, სამუშაოების პირველი ეტაპი არ დასრულებულა, ამის მიზეზი კი პროექტში შეტანილი ცვლილებები გახლდათ. 

- რა ცვლილებებზე საუბრობთ მაშინ, როცა სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებული უნდა გქონდეთ? 

- პროექტს სხვადასხვა კომპონენტები დაემატა, ამიტომაც ვერ დასრულდა 2017 წლის ბოლოს ეს სამუშაოები. 

როგორც გათვალისწინებული იყო, დეტალები უნდა დაზუსტებულიყო მშენებლის მიერ, მუშაობის პროცესში.

აღმოჩნდა, რომ სათავო ფენა ბევრად განსხვავებული იყო, ვიდრე ამას ველოდით, ამიტომაც განიცადა ჭაბურღილების კონსტრუქციამ ცვლილება, ასევე შეიცვალა დრენაჟის განლაგებაც.

- ამჯერად მაინც, შეგიძლიათ დაზუსტებით გვითხრათ რომ მაისის ბოლოს დასრულდება ეს ე.წ. 24 საათიანი წყალმომარაგების სამუშაოების პირველი ეტაპი? თუ კიდევ დაველოდოთ ცვლილებებს პროექტში? 

- დიახ, მაისის ბოლოს სამუშაოების პირველი ეტაპი უნდა დასრულდეს. პროექტში უკვე შეტანილია კორექტივები. ამიტომ, ამ დროისათვის ნამდვილად დასრულდება. 

- მარტივად რომ ვთქვათ - როდის ექნება გარდაბნის 5 სოფელს 24 საათიანი წყალმომარაგება? 

- ჩვენ არ ვართ დამკვეთები, ჩვენ ვართ შემსრულებლები. ეს არის გარდაბნის მუნიციპალიტეტის დაკვეთა, მეორე ეტაპის დაწყების თარიღის შესახებაც მათ ექნებათ ინფორმაცია.

როგორც ვიცი, ისინი უკვე ამზადებენ მეორე ეტაპისათვის დოკუმენტაციას. ალბათ, მოიძიებენ ფინანსებს და გამოაცხადებენ ცალკე ტნდერს“.

[I=2]გამოდის რომ ე.წ. 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტის მეორე ეტაპისათვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტმა  ჯერ თანხები უნდა მოიძიოს, შემდეგ ტენდერი გამოაცხადოს, მერე ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოავლინოს და როცა პოლიტიკური ამინდიც შესაფერისი იქნება, სამუშაოებიც დაიწყოს. როგორც ტრადიცია გვკარნახობს - ნელა და უხარისხოდ...

გარდაბნის რაიონის 5 სოფელი კი, ელონ მასკის საუკუნეში, ისევ წლობით უნდა დაიტანჯოს უწყლობით, რომელიც დიდი ალბათობით, ჩინოვნიკების მიერ „მოტეხილ თანხებს“ უკავშირდება. 

ამიტომ, გამორიცხული არაა რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი გამოყენებისა და გაფლანგვის ფაქტებით, პროკურატურა დაინტერესდეს. 

ამ შემთხვევაში კი, გამგებელ გოჩა ჯამარაულს, შესაძლოა, ვრცელი ახსნა-განმარტება მოუწიოს ცალკე ოთახში, გამომძიებლის თანდასწრებით, თუ, რა თქმა უნდა, ამით დაკმაყოფილდნენ.  0

ავტორი: