20:03:43     26-02-2018
ნატახტარში ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ

სოფელ ნატახტარში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ საავტომობილო გზა აქვთ გადაკეტილი. ოჯახის წევრები ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ცხედრის გადაცემამდე არ დაიშლებიან.
ადგილზე იმყოფებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.
ხუნდაძის თქმით, ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლება მოლოდინის რეჟიმშია. მისი განცხადებით, ამ წუთებში დეპუტატები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.
"მოლოდინის რეჟიმში ვართ. რთულია როცა მოწინააღმდეგე არ ითვალისწინებს, არც სამართლებრივ და არც ადამიანურ კანონს... ძნელია ემოციების გარეშე. საერთაშორისო თანამეგობრობა არის აქტიურ რეჟიმში ჩართული და ვცდილობთ, პირველ ეტაპზე შესაძლებელი გახდეს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს. უპირველეს ყოვლისა ის, რომ ოჯახმა შეძლოს საკუთარი შვილი დაიტიროს. მოუკლეს და შვილის დატირების საშუალებას არ აძლევენ -ამას ვამბობს, ეს ადამიანურ ურთიერთობაში არ ჯდება. ჩვენ ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ. სიახლე არის ის რომ დეპუტატები ახლა იმყოფებიან საერთაშორისო თანამეგობრობასთან შეხვედრაზე, მართავენ შეხვედრებს და ველოდებით ინფორმაციას,“-განაცხადა ხუნდაძე.
აქციის მონაწილეების თქმით, მათი განცხადებები არაკომპეტენტურია და ისინი მოითხოვენ მთავრობის იმ წევრების მისვლას, რომლებიც კომპეტენტურ პასუხს გასცემენ. მათივე თქმით, გუშინაც მიიღეს დაპირება, რომ ცხედარს დღეს გადასცემდნენ, თუმცა პირობა არ შესრულდა. აქცია მას შემდეგ იმართება, რაც ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადა.
აქცია მას შემდეგ, დაიგეგმა რაც ერგნეთის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს საოკუპაციო რეჟიმი კიდევ რამდენიმე დღე არ გადასცემს ოჯახს.
ტატუნაშვილის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ოკუპირებულ ახალგორში მტერი არ ჰყავდა. მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილმა ახალგორში პროდუქტი შეიტანა და მანქანაში დანაც კი არ ედო. დედა ამბობს, რომ ბრალდება თითქოს ტატუნაშვილი ტერორისტულ აქტს აწყობდა სიცრუეა და მისი შვილი ბორკილებდადებული წამებით უმიზეზოდ მოკლეს.
0