09:41:32     26-02-2018
საპარლამენტო ოპოზიცია: ხელისუფლებამ ოკუპანტ ქვეყანასთან კეკლუცობა უნდა შეწყვიტოს

საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპანტ ქვეყანასთან კეკლუცობა უნდა შეწყვიტოს და საკუთარი მოქალაქეები უფრო აქტიურად უნდა დაიცვას, - ამ განცხადებას საპარლამენტო ოპოზიცია აკეთებს.
ხელისუფლების ოპონენტები ცხინვალის ციხეში, გაურკვეველ ვითარებაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას ეხმაურებიან.
„ევროპული საქართველო“ იმედოვნებს, რომ პარტიის მიერ ინიცირებული ე.წ. „ოთხოზორიას სიის“ შექმნას მხარდაჭერა ექნება. პარტიაში ამბობენ, რომ ეს მსგავსი ფაქტების თავიდან აცილებას შეძლებს.
„ამით ჩვენ შეგვიძლია გარკვეულწილად შევაჩეროთ ის ტალღა, იმ განუკითხაობისა და ასეთი თავხედური გამომწვევი მოქმედებებისა, რომელიც ძალიან სამწუხაროდ არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდგომ,“- განაცხადა გიგი წერეთელმა.
ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და საქართველოს მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდებს „ნაციონალური მოძრაობა“.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ოკუპანტს უწოდოს ოკუპანტი, საერთაშორისო დღის წესრიგში კიდევ უფრო გაააქტიუროს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია და კიდევ უფრო წინ წამოწიოს და ასევე დაიცვას ჩვენი თანამოქალაქეები, რაც პრაქტიკულად დღეს არ ხდება,“-აცხადებს ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე.
0