14:38:20     23-02-2018
გატაცება, გამოძალვა, განზრახ მკვლელობის მცდელობა, ნარკოდანაშაული - შსს-მ ერთი კვირის მუშაობის შედეგები შეაჯამა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი კვირის მუშაობის შედეგები შეაჯამა.
უწყების ინფორმაციით ამ ხნის განმავლობაში სამართალდამცავებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს. მათ შორის თბილისში, აჭარაში და სამცხე-ჯავახეთში. ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების საერთო ოდენობამ ჯამში ნახევარი კილოგრამი შეადგინა.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამართალდამცავებმა 20 პირი დააკავეს, აქედან 8 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გარდა ამისა, ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული იქნა თურქეთის 3 და უზბეკეთის ერთი მოქალაქე.
ნარკოდანაშაულის ფაქტების გარდა, ერთი კვირის განმავლობაში სამართალდამცავებმა გამოძალვის მცდელობის ფაქტზე კრიმინალური დაჯგუფების 3 წევრი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მათ 26 ათასი დოლარის გამოძალვის მოტივით სოფელ ართანაში მცხოვრები მამაკაცი გაიტაცეს.
უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მიმდინარე კვირას ერთი პირი დააკავეს. მან ცივი იარაღით დაჭრა მოქალაქე, რის შემდეგაც ადგილიდან მიმალა.
მიმდინარე კვირას პოლიციამ მაღაზიის დაყაჩაღების საქმეც გახსნა პირი, რომელიც ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში შეიჭრა, მომხდარიდან მალევე დააკავეს.
0