14:17:16     22-02-2018
„უცხოეთში, ალბათ, ბევრი ადამიანია ისეთი, ვისაც კრიმინალისკენ გახედვაც არ უნდა, მაგრამ იძულებულია“

გუშინ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ქართული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან და მათთან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის პრობლემაზე იმსჯელა, რაც შეიძლება ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე აისახოს.
ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე ზოგიერთი ევროპული ქვეყანა, მათ შორის, გერმანია, ისლანდია და შვედეთი შეშფოთებული არიან ევროპაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდით.
აღნიშნული თემაზე PRESA.GE საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრს, ემზარ კვიციანს ესაუბრა:
- ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე საუბრისას, გაიჟღერა, რომ საქართველოდან ევროპაში კრიმინალების მოხვედრის რაოდენობამ იმატა. როგორ ფიქრობთ, უვიზო რეჟიმმა რამდენად შეუწყო ხელი, კრიმინალის გაზრდას ევროპაში?
- უვიზო მიმოსვლამდე უკვე უამრავი კრიმინალი იყო ჩასული ევროპაში, რადგან არსებობს სისხლის სამართლის 223-ე პრიმა მუხლი. იგი მიიღო მიხეილ სააკაშვილმა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებით, რათა კრიმინალური სამყარო ევროპაში გაეშვათ. დღეს რაც ხდება, ეს არის სწორედ ამ კანონი შედეგი.
- რას გულისხმობს ეს მუხლი?
- ეს არის ქურდული ტრადიციების წინააღმდეგ მიმართული კანონი, მაგრამ ეს არ ნიშნავს მის წინააღმდეგ ბრძოლას. ქურდულ ტრადიციას რაც მეტად ებრძვი, პირიქით, უფრო მეტად ძლიერდება. არადა, ეს ხდება მაშინ, როცა ყველაფერი პირიქით უნდა ყოფილიყო. მთავარია, რომ ჩვენი ქვეყანა სამართლებრივი სახელმწიფო იყოს, არსებობდეს სამართლიანი სასამართლო, რომ ადამიანს ქურდებისკენ და ქურდობისკენ კი არ მიუწევდეს გული, რათა სამართალი იპოვნოს, არამედ სახელმწიფოსკენ მოდიოდეს. რამდენი წელიწადია, ვითხოვთ მოსახლეობა სამართლიანობის აღდგენას და და ვერაფრით აღდგა ეს სამართალი.
- რას მიიჩნევთ მთავარ მიზეზად, რის გამოც შესრულდა თქვენი მოთხოვნა?
- ისევ ის ადამიანები არიან ხელისუფლებაში, ვინ ადამიანებს ქონება უკანონოდ წაგვართვა.
- როგორც გავიგე, წინა ხელისუფლების მიერ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მიღებული კანონი გახდა წამახალისებელი ფაქტორი, რომ ევროპაში ფეხი მოიკიდეს საქართველოდან გაქცეულმა კრიმინალებმა?
- ეს მხოლოდ წამახალისებელი ფაქტორი არ იყო, რადგან უცხოეთში ძალიან ბევრი ადამიანი იძულებით წავიდა. საქართველოში ქართველების გენოციდია გამოცხადებული. ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს ისეთი, რომ ციხეებში შემთხვევითი ახალგაზრდები ხვდებიან. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებაში უნდა მოდიოდნენ ხალხის მიერ არჩეული და არა სუს-ის მიერ დანიშნული ადამიანები, რომლებიც აუცილებლად იზრუნებენ იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც დღეს ევროპაში არიან წასულები და იძულებული არიან, ლუკმა-პური მოიპარონ. ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა 223-ე პრიმა მუხლით. დღეს ამას ძალიან ბევრი აცნობიერებს და ხმამაღლა ვერ ლაპარაკობენ, რადგან მაშინვე იარლიყს მიაკერებენ, თითქოს ვინმე ქურდულ სამყაროზე ლაპარაკობს. სინამდვილეში ეს არის ჩვენი ახალგაზრდობის გენოციდი.
- თქვენ თუ გაქვთ მონაცემები და ინფორმაცია შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან, როგორია კრიმინალურ ქმედებებში ეჭვმიტანილთა, ან ბრალდებულთა სტატისტიკა და რამდენად არის მოსალოდნელი, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენას ვიზალიბერალიზაციის კუთხით, პრობლემები შეექმნას?
- არ არის გამორიცხული, რომ პრობლემები შეიქმნას. ჩვენთან რაღაც უნდა შეიცვალოს, რომ ჩვენს მოქალაქეებს შეეძლოთ, დაბრუნდნენ საქართველოში და შეძლონ აქ ცხოვრება. უცხოეთში, ალბათ, ბევრი ადამიანია ისეთი, ვისაც კრიმინალისკენ გახედვაც არ უნდა, მაგრამ იძულებულია, რადგან დაბრუნების შემთხვევაში აქ ციხეში ჩასვამენ. არ მესმის, ამდენს როგორ ვერ უნდა მიხვდეს ან ევროპა და ან საქართველოს ხელისუფლება, რომ ეს შეგნებულად არის გაკეთებული. ძალიან მაინტერესებს, კიდევ რომელ ქვეყანაში არსებობს 223-ე მუხლი, იქნებ სხვა ქვეყანაში ქურდობა და კრიმინალი არ არსებობს და ისე დალაგებული ყველაფერი, რომ უკლებლივ ყველა ქრისტეს გზით ცხოვრობს?
- აღნიშნულ თემასთან მეტ-ნაკლებად კავშირშია თქვენი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის არსებობას გულისხმობს. ცნობილია ისიც, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, გარკვეული შეკითხვები გქონდათ იუსტიციის მინისტრთან. ამჟამად რა ეტაპზეა პროცესი?
- ჩვენს საკანონმდებლო ინიციატივაში საუბარი შეეხება ეთნიკურ ქართველებს, ვისაც ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა. გვინდა, რომ მათი სურვილის შემთხვევაში, რომ გამარტივებული წესით მივცეთ საშუალება, აღიდგინონ ჩამორთმეული მოქალაქეობა. მოქმედ კონსტიტუციაში გვაქვს მუხლი, რომ როგორც კი მიიღებ უცხო ქვეყნის მოქალაქეობას, ავტომატურად გეხსნება საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ ახალ კონსტიტუციაში სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით უკვე ჩაიწერა, რომ ავტომატურად აღარ მოხდება მოქალაქეობის გაუქმება. კონსტიტუციის ამ მუხლს ორგანული კანონით გამყარება სჭირდება. შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს იმაზე, რომ დაიხვეწოს ეს კანონპროექტი და ვისაც უკვე ჩამორთმეული აქვს საქართველოს მოქალაქეობა და მისი აღდგენის სურვილი გააჩნია, გამარტივებული წესით შეძლოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა.
0