14:27:32     20-02-2018
პრემიერ-მინისტრი: ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-სთან თანამშრომლობა

„დღეს, როდესაც არაერთი სახელმწიფო და განსაკუთრებით რუსეთი, ძალიან აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის წარმოების სხვადასხვა საშუალებას და სტრატეგიული კომუნიკაცია არა მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, არამედ პირდაპირ პოლიტიკის წარმოების უმძლავრესი იარაღი გახდა, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით აშშ-სთან თანამშრომლობა“, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე ტრენინგების პროგრამის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა
პრემიერ-მინისტრის თქმით, მაქსიმალურად უნდა იქნას მიტანილი მოსახლეობამდე ის სიკეთე, რომელსაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქმნის საქართველოს პერსპექტივისთვის და დღევანდელობისთვის.
კვირიკაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ელჩ იან კელის და საელჩოს, რომლის ფინანსური მხარდაჭერით პროგრამა განხორციელდება.
„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის გვერდში უდგას საქართველოს და ვფიქრობთ, ეს პროგრამა ამ განსაკუთრებული მეგობრობის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. მინდა, პირადად ბატონ იან კელის გადავუხადო მადლობა თანადგომისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს რეგიონებში ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაცია გაუმჯობესდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისთან შეხვედრაზე, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
„ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებზე. მინდა, დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ აშშ-ი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურობას ჩვენს რეგიონში და - საქართველოს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს ამ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
0