20:33:47     19-02-2018
ჩაფხუტის სინდრომი - სამშენებლო კომპანიები 30 ათასით დაჯარიმდებიან

„ჩაფხუტის გარეშე მუშაობის გამო, მშენებელი კომპანიებისთვის ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება“, - ამის შესახებ სრული სერიოზულობით განაცხადა თბილისის არჩეულმა მერმა, კახი კალაძემ.
მისი აზრით, ასეთი საჯარიმო სანქციები შეამცირებს იმ სამწუხარო სტატისტიკას, რომელიც ქალაქში, სამშენებლო უსაფრთხოების დაუცველობის შედეგად ფიქსირდება.
კერძოდ, ბატონი კალაძე თვლის რომ მაგალითად, თუ მშენებლობაზე მომუშავე პირი ჩაფხუტით იმუშავებს, ამით ის, თავის სიცოცხლესაც დააზღვევს და უბედური შემთხვევების რიცხვიც ნაკლები იქნება.
კალაძეს პარლამენტის თავმჯდომარეც ეთანხმება. გიორგი კობახიძე დღეს თბილისის მერს შეხვდა.
ორივემ ერთად კი, ისეთი საკანონმდებლო პაკეტი მოიფიქრეს, რომელიც, მათი ღრმა რწმენით, სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმებს მკვეთრად გაზრდის.
მოკლედ, ამ კუთხით, რეგულაციები მკაცრდება. თუ, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამა თუ იმ კომპანიას, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო ჯერ აფრთხილებდნენ, განმეორების შემთხვევაში კი, 3 ათასი ლარით აჯარიმებდნენ, ახლა, დამრღვევ შპს-ს, პირდაპირ 30 ათასლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს, თუნდაც მის ობიექტზე დასაქმებული პირის ჩაფხუტის გარეშე მუშაობისათვის.
შეამცირებს თუ არა, კალაძის ჯარიმები სამწუხარო სტატისტიკას, ამას მაშინ ვნახავთ, როდესაც საკანონმდებლო პაკეტი ამოქმედდება, ბიუჯეტი კი, ახალი სანქციების შედეგად გადახდილი ათასებით შეივსება.
0