14:17:04     16-02-2018
"ბადაგონის" სკანდალი - კვირიკაშვილის, ქუმსიშვილისა და ბეჟუაშვილების წნეხი ბიზნესზე (ახალი ფაქტები)

ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია ამ დრომდე პარალიზებულია. „ბადაგონის“ პარალიზების მიზეზი კი, დღევანდელი მფლობელების განცხადებით, ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი ბიზნესმენის, დავით ბეჟუაშვილის არაკანონიერი სურვილია - ხელში ჩაიგდოს კომპანია, რომელიც სულ რაღაც ორი წლის წინ, სულს ღაფავდა და 30 მილიონიანი დავალიანება ჰქონდა.
ბადაგონის აჟამინდელი მფლობელი და მმართველი, გიორგი სალაყაია პირდაპირ ასახელებს გვარებს, რომლებსაც მისთვის ბიზნესის „ახევა“ სურთ მაშინ, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ „თავისუფალი სუნთქვის“ რეჟიმში იმყოფება.
მიუხედავად იმისა, რომ ბატონი სალაყაია ერთგვარ საჯარო რევერანსებსაც არ ერიდება „ქართული ოცნების“ მიმართ, როგორც ჩანს, რეპრესიული მანქანა (პრემიერ კვირიკაშვილის თანხმობით და ვიცე-პრემიერ ქუმსიშვილის მონაწილეობით) მაინც ბეჟუაშვილების სასარგებლოდ მუშაობს, რაზეც გაძლიერებული წნეხი და „სახელისუფლებო არხების“ ჩაკეტვაც მეტყველებს.
მართალია, ხელისუფლებაში პრემიერისა და ვიცე-პრემიერის ბიზნესში ჩარევის მცდელობას უარყოფენ, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფიცის გვწამს, მაგრამ ბოლო გვაკვირვებს.
ბეჟუაშვილების კლანი
დავით და გელა ბეჟუაშვილები ჯერ კიდევ შევარდნაძის ბნელ ეპოქაში ხდებიან მსხვილი ბიზნესმენები. ძმებს ფუნქციები თავიდანვე გადანაწილებული აქვთ. დავითი ბიზნესს აკეთებს, გელა კი - ხელისუფლებაშია.
[I=4]ბეჟუაშვილების გავლენა გაგრძელდა სააკაშვილის დროსაც. მეტიც, გელა ბეჟუაშვილი, წინა ხელისუფლების პირობებში თავიდან თავდაცვაშია, მოგვიანებით კი, დაზვერვის შეფი ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ „სისხლიანი რეჟიმის“ დროს წერდნენ ბეჟუაშვილების უკანონო ბიზნეს-საქმიანობაზე, ძმებმა „ქართული ოცნების“ პირობებშიც მოახერხეს როგორც ბიზნეს, ისე სახელისუფლებო გავლენების შენარჩუნება.
ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ბატონ გელა ბეჟუაშვილს, როგორც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანს, დღემდე არავინ შედავებია. არც მისი ძმის ბიზნეს-საქმიანობაზე დასმულა კითხვები.
უფრო მეტიც, ბეჟუაშვილები საკმაოდ გაძლიერდნენ „ქართული ოცნების“ დახმარებით და თუ ბატონ სალაყაიას დავუჯერებთ, დღეს უკვე „ბადაგონის“ მითვისება აქვთ განზრახული, რაშიც წინა მთავრობის მაღალჩინოსნებს, ასევე ძმებ კუბლაშვილებსა და ჯანჯღავას იყენებენ.
დღეს, ბეჟუაშვილები, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით აკონტროლებენ უმსხვილეს ბიზნესს. მათ შორის „ჰაიდერბერგცემენტს“, "საქნახშირს", "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას", "ჯი-აი-სი ჯგუფს", "ნეოგაზსს", "კიოტოს", "გლობალ ტრანსს", "ინდუსტრია კირი"-სა და მედია-ბიზნესის ნაწილს.
ცოტა რამ წარსულიდან...
დავით ბეჟუაშვილი თეთრიწყაროს რაიონიდან, დაბა მანგლისიდანაა.
[I=2]მისი საქმიანობა 1998 წელს, სს საქტრანსგაზმრეწვში იწყება, სადაც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. მოგვიანებით ის სს „საქგაზის“ გენერალური დირექტორი ხდება.
მასზე აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე. დავით ბეჟუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მითვისებაში ედებოდა ბრალი.
მიუხედავად ამისა, ის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და გადასახადებისა და საგადასახადო შემოსავლების ქვე-კომიტეტის თავმჯდომარე ხდება.
2003 წელს, გენ-პროკურატურამ ისევ დააყენა საკითხი ბეჟუაშვილისთვის იმუნიტეტის მოხსნის შესახებ, რადგან გამოძიებას სერიოზული დაბრკოლებები ექმნებოდა.
დავით ბეჟუაშვილი კი, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას პოლიტიკურ დევნად აფასებდა.
თუმცა, აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს ბეჟუაშვილისათვის ხელი არ შეუშლია 2008 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და „ნაც-მოძრაობის“ ფავორიტი გამხდარიყო.
ხოლო, 2012 წლიდან, ბატონი დავითი უკვე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან დაახლოვებას ცდილობს და უნდა აღინიშნოს რომ კარგადაც გამოსდის.
კუბლაშვილები...
დავით ბეჟუაშვილი, წინა ხელისუფლების ერთ-ერთ „გამპრავებელთან“, პალიკო კუბლაშვილთან განსაკუთრებით მას შემდეგ დაახლოვდა, რაც ტყიბულში ქვანახშირის საბადოები ჩაიგდო ხელში.
ძმებმა, ბეჟუაშვილების მსგავსად, 2012 წლის შემდეგ პოლიტიკური გემოვნება მკვეთრად შეიცვალეს და დღეს გაქანებული „მეოცნებეები“ არიან. მიუხედავად იმისა, რომ იყო დრო, როდესაც წინა ხელისუფლების ყველა ცოდვას, ბატონი პალიკო, პარლამენტის ტრიბუნიდან წარმატებად ასაღებდა.
(კუბლაშვილები წარმოშობით ტყიბულიდან გახლავთ, ხოლო ბატონი პალიკო რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო მრავალგზის, მისი ძმა კი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე).
როგორც ჩანს, სწორედ ამიტომაც დაუკავშირეს „ბადაგონის ქეისს“ მათი სახელი. გავრცელებული ინფორმაციით, კუბლაშვილები ბეჟუაშვილებს „ბადაგონის“ ხელში ჩაგდებაში ეხმარებიან, როგორც იურიდიული, ისე პოლიტიკური კუთხით, რასაც ბატონი პალიკო კატეგორიულად უარყოფს, ისევე როგორც მის მიმართ გაჟღერებულ სხვა ბრალდებებს.
Presa.ge: ბატონო პალიკო, გავრცელებული ინფორმაციით, თქვენ ბეჟუაშვილთან ერთად ბადაგონის წინააღმდეგ მოქმედებთ...
[I=3]პალიკო კუბლაშვილი: ეს არის სრული უაზრობა. არც ერთ შემთხვევაში არ შეესაბამება სიმართლეს და შესაბამისად, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ.
- ბადაგონში აცხადებენ რომ შესაძლოა ეცადოთ გამოიყენოთ თქვენი ძმის გავლენები სასმართლოში, ბეჟუაშვილების სასარგებლოდ...
- ჩემი ძმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 2015 წლიდან აღარ არის, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ მე მის გავლენებს გამოვიყენებ, სრული უაზრობაა".
კუბლაშვილის მსგავსად, ბრალდებებს უარყოფენს ბეჟუაშვილების გარემოცვის წევრებიც. ხოლო საქართველოს ინდუსტიურ ჯგუფში, სადაც დავით ბეჟუაშვილი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, მისი ძმა კი, აღმასრულებელი დირექტორი, აცხადებენ რომ "მათ არანაირი არალეგალური ბიზნეს-ინტერესები არ აქვთ. მათ შორის არც ბადაგონთან დაკავშირებით".
ბადაგონის „ქეისის“ ფაქტობრივი გარემოებები...
ბადაგონის მფლობელმა გიორგი სალაყაიამ გარდა იმისა, რომ პირდაპირ დაადანაშაულა ბიზნესის ახევის მცდელობაში დავით ბეჟუაშვილი, კონკრეტული ფაქტებიც გაასაჯაროვა.
კერძოდ, საბანკო გადარიცხვებითა და დოკუმენტებით ირკვევა, რომ სალაყაიას კომპანიის წილები მას შემდეგ გადაუფორმეს, რაც დამფუძნებლებსა და მასთან დაახოვებულ პირებს სოლიდური თანხები გადაურიცხა (მილიონზე მეტი დოლარი).
[I=5]საბანკო ტრანზაქციების დასრულებისთანავე, სალაყაიას 30 ათასად მიჰყიდეს ბადაგონი და გადააბარეს 30 მილიონიანი ვალდებულებაც.
თუმცა, სულ რამდენიმე წელში, სალაყაიამ შეძლო როგორც 30 მილიონიანი ვალდებულების შესრულება, ისე კომპანიის ფეხზე დაყენება და მოგებაზე გასვლაც.
აი, სწორედ აქ იწყება ის, რომლის გამოც დღეს ბადაგონი პარალიზებულია, ხოლო ასეულობით დასაქმებული სამსახურის დაკაგვის წინაშე დგას.
საბჭოთა სისტემაში დანერგილი „ანონიმკებისა“ და „მოქალაქის განცხადების“ საფუძველზე, ბადაგონში საგადასახადო შევიდა, დოკუმენტები დააყადაღა და კომპანიის საქმიანობა შეაჩერა, სავარაუდოდ, იმ დრომდე, ვიდრე ბატონი სალაყაია, ხელისუფლების მიმართ გაცხადებულ რევერანსებს, სრული მორჩილებით არ შეცვლის და ქართული ოცნების ფავორიტის მითითებებს არ შეასრულებს - უ პ ი რ ო ბ ო დ!
0