13:26:36     13-02-2018
"მიხეილ სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარსდგება"

"მიხეილ სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარსდგება, ამის გარანტიას გაძლევთ ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი", - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ჩემი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ იცით. ადამიანს, რომელსაც პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში ჰქონდა 9 წლიანი დიქტატურა, ტოტალური კონტროლი და მიუხედავად ამისა, მან არჩევნები წააგო, ადამიანი, რომელიც წავიდა უკრაინაში და მესიის ამბიციები ჰქონდა, სულ რაღაც რამდენიმე წელში იქედან გააგდეს. მე უბრალოდ არ მინდა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ასეთი იმიჯი ჰქონდეს. ის ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარსდგება, ამის გარანტიას გაძლევთ ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი. თუ როგორ, რანაირად, ეს დროის ფაქტორია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ შემთხვევაში ქვეყნის იმიჯი უფრო მაინტერესებს, ვიდრე ერთი ადამიანის, ან ერთი პოლიტიკოსის ბედი", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
0