17:22:03     12-02-2018
"ვიდრე არ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა, მანამდე არ მოხდება მე-5 მუხლის გავრცელება ოკუპირებულ ტერიტორიებზე"

„საქართველოს ნატოში გაწევრიანება ამერიკისა და ევროპის სტრატეგიულ ინტერესებშია“ - ამ სათაურით კვლევა "ჰერითიჯის“ ფონდმა გამოაქვეყნა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვდა.
კვლევის ავტორის, ლუკ კოფის აზრით, საქართველო ნატოში გარკვეული დათქმებით უნდა გაწევრიანდეს.
"თქვენ არ გჭირდებათ მე-5 მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების გარანტია ოკუპირებული რეგიონებისთვის, როდესაც ოკუპაცია მშვიდობიანი გზებით დასრულდება, შემდეგ უკვე შეიძლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მე-5 მუხლში შეტანა,“ - განაცხადა „ჰერითიჯის“ ფონდის ანალიტიკოსმა, ლუკ კოფიმ.
თბილისში გამართულ „ჰერითიჯის“ ფონდის ანალიტიკოსის კვლევის პრეზენტაციას პოლიტიკოსები და ექსპერტები დაესწრნენ.
„პრესა.ჯი“ პარლამენტის ვიცე-სპიკერს, სერგი კაპანაძეს ესაუბრა, რომელიც აღნიშნულ პრეზენტაციას დაესწრო:
-რა შთაბეჭდილებას ტოვებს აღნიშნული შეთავაზება, იმ რეალობაში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება?
- იდეა, რომ გარკვეული დათქმებით საქართველო ნატოს წევრი გახდეს, მისაღებია, მხოლოდ ისე უნდა მოხდეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ შეილახოს.
- საქართველოს ნატოში გაწევრიანება მე -5 მუხლის გარეშე, რამდენად იმსახურებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყურადღებას იმის გათვალისწინებით, რომ უკვე გაკეთდა განცხადება, რომლის თანახმად, ხელისუფლება ამ ეტაპზე ეს საკითხს არ განიხილავს?
-აქ საუბარი არ არის საქართველოს ნატოში მე-5 მუხლის გარეშე გაწევრიანებაზე. სამწუხაროა, რომ ამას ასეთი ინტერპრეტაციები მიეცა. ერთერთი მიზეზი, რატომ გაჩნდა ასეთი ინტერპრეტაცია, არის სწორედ ხელისუფლების მხრიდან არასწორი დამოკიდებულება და შეფასებები საკითხის მიმართ. რეალურად საუბარი არის იმაზე, რომ საქართველო გაწევრიანდეს ნატო-ში, მე-5 მუხლი გავრცელდეს ქვეყნის ტერიტორიაზე და ნატო-მ აღიაროს საერთაშორისოდ აღიარებული საქართველოს ტერიტორიული საზღვრები. მანამდე, ვიდრე არ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მანამდე არ მოხდება მე-5 მუხლის გავრცელება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის მოდელი, რომელიც ნატოში არსებობდა ადრეც, მათ შორის, დასავლეთ გერმანიასთან, საბერძნეთსა და თურქეთთან მიმართებაში. ეს არის საინტერესო იდეა, რომელიც წესით განხილული უნდა იყოს. მე მგონია, რომ აქ მთავარი პრობლემა საქართველოს ხელისუფლების უნიათო, მოუმზადებელი დამოკიდებულებაა ამ თემის მიმართ. ხელისუფლებას შესაძლებლობა არ ჰქონდა, რომ აეხსნა საზოგადოებისთვის, რა იყო კარგი ამ შემოთავაზებაში.
-აზერბაიჯენალი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ოპოზიცია ნახევარი წლის შემდეგ ისევ ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც შეისწავლის ამ საქმეს. ოპონირების გარდა, რა მოტივაცია აქვს ოპოზიციას?
-აფგან მუხთარლის თემა ძალიან დიდი ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას, ამას ყველა კარგად ხედავს, მაგრამ კიდევ უფრო დიდ ზიანს აყენებს ის კომენტარები, რომელიც ხელისუფლების მხრიდან გვესმის. ვფიქრობ, ეს არის სრულიად სამარცხვინო შეფასებები. ადამიანი ჯერ მოიტაცეს და გადასცეს სხვა ქვეყანას, ახლა კიდევ მთავრობის წარმომადგენლები, პირიქით, ამ ადამიანს იქით უტევენ. ერთადერთი სწორი გამოსავალი არის ის, რომ პარლამენტში შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის ამ საქმეს და დადებს არაპოლიტიზირებულ, რეალურ და დამოუკიდებელ დასკვნას. გაირკვევა, რეალურად რა მოხდა და ამის შემდეგ დააყენებს იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, ვისაც ამაში ბრალი მიუძღვოდა.
-საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში, შეკითხვებზე პასუხები ვისგან უნდა მოისმინოთ?
-ეს არის საკითხი, რომელზე პასუხებიც უნდა გასცეს უსაფრთხოების სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ. საბოლოო ჯამში, ეს არის პოლიტიკური პასუხი მთავრობისა და მისი მეთაურის, რადგან ჩვენ მოვისმინეთ მუხთარლის განცხადება, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ პრემიერ-მინისტრს მიუძღოდა ბრალი და მისი ხელი ერია შეთანხმებაში, რის შედეგადაც ის აღმოჩნდა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.
0