13:11:50     12-02-2018
დავით სერგეენკო: მე თვითონ უნდა მევლო ალბათ რეგიონებში და განმემარტა ამ პროგრამის მნიშვნელობა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ მედიკამენტების პროგრამით მოსარგებლე ადამიანების რიცხვი მცირეა.
როგორც მინისტრმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წინაშე უწყების მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა, ამის მიზეზი ბიუროკრატიული ბარიერები და საინფორმაციო კამპანიის ხარვეზებია.
"14 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ამ პროგრამით, თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია. მუდამ გვქონდა ეს კითხვები, რომ შესაძლებლობა ამ პროგრამით სარგებლობის აქვს ბევრად მეტს, თუმცა სარგებლობს ძალიან ცოტა. რისკების შეფასება გავაკეთეთ რამდენიმე მიმართულებით:
ხომ არ იყო ადმინისტრირების ბარიერები ანუ რთული ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა ხომ არ უწევდა პაციენტს მედიკამენტების საყიდლად. ვნახეთ, მაგრამ არა დომინანტი პრობლემა, რომელსაც მოევლება. კერძოდ, ეს არის ელექტრონულ რეცეპტზე გადასვლა, როდესაც პაციენტს ქაღალდის წაღებაც კი არ დასჭირდება, ანუ ადმინისტრირება გაძლიერდება. მეორე მხარე რამაც ასეთი დაბალი რიცხვი გამოიწვია, არის საინფორმაციო კამპანიის ხარვეზი. მე თვითონ უნდა მევლო ალბათ რეგიონებში და განმემარტა ამ პროგრამის მნიშვნელობა”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისივე თქმით, მედიკამენტების პროგრამის პირველი ეტაპი გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველებზე.
0