ზაქარია ქუცნაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნებს წინასწარ დაწინაურებული კანდიდატი არ ეყოლება ზაქარია ქუცნაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნებს წინასწარ დაწინაურებული კანდიდატი არ ეყოლება />


  17:54:38     08-02-2018

ზაქარია ქუცნაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნებს წინასწარ დაწინაურებული კანდიდატი არ ეყოლება

a75852.jpg

მიმდინარე მოვლენებზე "პრესა.ჯი"პარლამენტის წევრს,ზაქარია ქუცნაშვილს ესაუბრა:

- საპრეზიდენტო არჩევნების წელია და საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის საკითხი, როგორც მმართველ გუნდში, ასევე ოპოზიციაში აქტუალურ თემას წარმოადგენს. მმართველი გუნდში ოფიციალურად არ ადასტურებენ, რომ კანდიდატის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა არსებობს არაოფიციალური ინფორმაცია, რომ რამდენიმე კანდიდატი უკვე არსებობს. თავის მხრივ, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ რეალურად „ქართულ ოცნებას“ კანდიდატი არ ჰყავს. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

- ვფიქრობ, ქართული საზოგადოება საკმაოდ მდიდარია ღირსეული, განათლებული და დამსახურების მქონე ადამიანებით, ვინც შეიძლება ნომინირებული იყოს ამ პოზიციაზე. შესაბამისად, ასეთ ადამიანებს ვხედავ პოლიტიკის მიღმაც, კერძოდ კულტურის და ხელოვნების სფეროში, ბიზნეს, არასამთავრობო და აკადემიურ წრეებში. ჩემთვის რამდენიმე კანდიდატურა საინტერესოა.

- ასეთ შემთხვევაში, საკითხავია, თავად შერჩეული კანდიდატურა თუ იქნება თანახმა შეთავაზებაზე. თანაც არაერთხელ ითქვა, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი მოქმედი ხელისუფლების სახე უნდა იყოს. რა შეიცვალა გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებით?

- თავად გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მას არანაირი სურვილი არ ამოძრავებს კენჭი იყაროს პრეზიდენტის პოსტზე. პრემიერი არის ის პიროვნება, რომლის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად დასახელება თამამად შეიძლებოდა.

- შეგიძლიათ დაასახელოთ სავარაუდო კანდიდატი, რომელიც შესაძლებელია შერჩეული იყოს მოქმედი მინისტრთა კაბინეტიდან?

- მე დღეს მოქმედი მინისტრთა კაბინეტიდან სხვა პერსონას ვერ ვხედავ, ვინც შეიძლება ეს ტვირთი ზიდოს. თუ მაინცდამაინც მთავრობაში დავიწყებთ კანდიდატურის შერჩევას, მაშინ სოზარ სუბარი არის საინტერესო თავისი უფლებადაცვითი წარსულით და მყარი ხასიათით. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, თუმცა, მოვლენებს წინ არ გავუსწრებდი. ველოდები ათამდე კანდიდატს, ვინც მონაწილეობას მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში და მათ შორის, ერთ-ერთი ღირსეული კანდიდატი ხელისუფლებას ეყოლება. ოთხმა თუ ხუთმა პოლიტიკოსმა პირდაპირ თუ ირიბად, უკვე გაამჟღავნა თავისი სურვილი იყაროს კენჭი.

- ვის გულისხმობთ?

- მარადიული კანდიდატი შალვა ნათელაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ჩემი ინფორმაციით კენჭს აუცილებლად იყრის, ნინო ბურჯანაძე, ალექსანდრე ელისაშვილი და დავით უსუფაშვილი.

- გიორგი მარგველაშვილი არ ამბობს, რომ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. თქვენ საიდან იცით, რომ აპირებს?

- ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ გიორგი მარგველაშვილმა კენჭი იყაროს. მისი აქტივობებიც სწორედ აქეთკენ არის მიმართული. მას საკუთარ სინდისთან და საზოგადოებასთან მიმართებაში აქვს საჩვენებელი, რომ დამოუკიდებლად შეუძლია გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. ამიტომაც მგონია რომ, ის ამ შესაძლებლობას არ გაუშვებს და ამისათვის არსებულ თანამდებობრივ მდგომარეობასაც გამოიყენებს. ვფიქრობ, ეს გამოწვევა გახდება მისი მოტივატორი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელახლა მონაწილეობისათვის. შეეცდება ე.წ. მეორე არჩევანზე (ხმაზე) იმუშავოს. ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციური ელექტორატისათვის მათი კანდიდატურების შემდეგ ყველაზე მისაღები კანდიდატურა გახდეს.

- რამდენად რეალურია მისი მოლოდინი თუ გამოწვევა?

- ვნახოთ. ბევრი ექსპერტი გიორგი მარგველაშვილს წარმატებას არ უწინასწარმეტყველებს, მაგრამ მისი გათვლები დაფუძნებულია სავარაუდოდ, მეორე ტურის გამართვაზე. ამიტომ იტოვებს თემებს ოპოზიციასთან სალაპარაკოდ, რომ მეორე ტურში თუ გავა, ოპოზიციის მხარდაჭერა მიიღოს.

- თავის მხრივ, ოპოზიცია აპირებს, რომ არჩევნებში საკუთარი კანდიდატით წარდგეს. ეს არ გამორიცხავს, რომ მოქმედი პრეზიდენტის ბედი ოპოზიციისთვის საინტერესო არ იქნება?

- პირველ ტურში ყველა პარტიას თავისი კანდიდატი ეყოლება. ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი ცდილობს, რომ კონსოლიდირება მოახდინონ ერთი კანდიდატის გარშემო და შესაბამისად, ერთი კანდიდატით გავიდნენ არჩევნებში. მე ამის მოლოდინი არა მაქვს. ისინი ვერ შეძლებენ ერთი კანდიდატის გარშემო კონსოლიდირებას. ეს ერთი კანდიდატი ჩემი ინფორმაციით, ზოგისთვის ალეკო ელისაშვილია, ზოგისთვის ნინო ბურჯანაძე და ზოგისათვის კიდევ გიორგი მარგველაშვილი.

- თავად ამომრჩევლის დამოკიდებულებას როგორ განიხილავთ სავარაუდო კანდიდატების ფონზე, რა შანსები შეიძლება ჰქონდეთ მათ, ან იმ კანდიდატს, რომელსაც წამოაყენებს „ქართული ოცნება.“ მოსალოდნელია თუ არა "ქართული ოცნებისთვის" არასასურველი ნეგატიური შედეგი?

- ეს დამოკიდებული იქნება ორ გარემოებაზე. როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანია და ვინ იქნება ხელისუფლების პრეზიდენტობის კანდიდატი. არჩევნები შეჯიბრია. როგორც ჩანს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს წინასწარ დაწინაურებული კანდიდატი არ ეყოლება. შედარებით დაწინაურებული იქნებოდა გიორგი კვირიკაშვილი, მას რომ ამის სურვილი ჰქონოდა, რადგან მის უკან გაკეთებული საქმეები, პოლიტიკური გუნდი და დასავლეთის ცალსახა მხარდაჭერა იდგებოდა. 0

ავტორი: