15:31:31     06-02-2018
სამხედრო სარეზერვო სამსახურის კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტს შენიშვნები აქვს

სამხედრო-სარეზერვო სამსახურის კანონპროექტის ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს შენიშვნები აქვს.
როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს საკომიტეტო მოსმენის წინ განუცხადა, არსებობს გარკვეული შენიშვნები, როგორც ტექნიკური, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით, რაზეც კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის დროს იქნება საუბარი.
"ჩვენ აღნიშნული პროექტი კომიტეტის ფარგლებში ჯერ კიდევ მისი მომზადების პროცესში განვიხილეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სარეზერვო სისტემის არა მხოლოდ სამართლებრივი რეგულირება, არამედ ის, თუ როგორ მოხდება პრაქტიკაში სამხედრო სარეზერვო სამსახურის დანერგვა და შემდგომი განვითარება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზაციული საკითხები: თუ ვინ იქნება მმართველი რგოლი, როგორ მოხდება გაკონტროლება, როგორ მოხდება ზედამხედველობა. ეს ის საკითხებია, რომელიც შეიძლება კანონში არ იყოს მოცემული, თუმცა უშუალოდ სამინისტროს ვალდებულება და ფუნქციაა, რომ ეს საკითხები დარეგულირებული წარმოაჩინოს. პროექტის მეორე მოსმენის დროს ჩვენ მუხლობრივად გავყვებით. აქ ძალიან ბევრ დეტალზეა საუბარი: ეს არის გადავადება, სამხედრო სარეზერვო სამსახურიდან გათავისუფლება, წვევამდელებთან დაკავშირებული საკითხი. ეს ის დეტალებია, სადაც ჩარევა შეიძლება ჩვენი ფუნქცია არ იყოს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინფორმაცია, რათა გვქონდეს სრული სურათი, თუ როგორ დარეგულირდება სარეზერვო სამსახური როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე პრაქტიკაში როგორ მოხდება მისი განვითარება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.
კანონპროექტთა პაკეტი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს პირველი მოისმენით თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილმა წარუდგინა.
0