21:53:39     02-02-2018
სკანდალი: თანხის გამოძალვაში ბრალდებულები გაათავისუფლეს

გასული წლის მაისში, თბილისში, შარტავას ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას თანხის გამოძალვის ბრალდებით დაკავებული 2 პირი: რობერტ ჟორჟოლიანი და ბერდია ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უდანაშაულოდ იქნენ ცნობილი და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
არსებული ინფორმაციით, ვისი დასმენითაც აღნიშნული პირების დაკავება მოხდა, სუს-ის ხელმძღვანელის ამჟამინდელი მოადგილის ბიძაშვილი, ანდრია (სანდრო) ლილუაშვილია, რომელიც სასამართლო დავაში დაზარალებულს წარმოადგენდა.
მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა, ცნობილი გახდა, რომ გათავისუფლებული პირები აპირებენ, ცრუ დასმენისთვის ანდრია ლილუაშვილის წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვონ, რომელიც თითქოს აღნიშნული საქმის არასწორი გამოძიებით წარმართვას ლობირებდა.
Presa.ge აღნიშნულ საქმეში ბრალდებულების ადვოკატს, ტარიელ კაკაბაძეს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ პირები, რომლებსაც თანხის ჯგუფურ გამოძალვაში ედებოდათ ბრალი, გამართლდნენ.
„დაზარალებული მხარის პოზიცია იყო, რომ ადგილი ჰქონდა თანხის გამოძალვას და პროკურატურა-გამოძიებაც სწორედ ამ მიმართულებით წარმოებდა, თუმცა გამოკვლევა-გამოძიების პერიოდში, შევძელით სასამართლო დაგვერწმუნებინა, რომ გამოძალვას ადგილი არ ჰქონია, რის შემდეგაც სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ანდრია ლილუაშვილმა ცრუ დასმენის საფუძველზე უდანაშაულო ადამიანები დააჭერინა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, რომ მტკიცებულებების გარეშე აღნიშნული ბრალდების დადასტურება შეუძლებელია.
„მე არ მაქვს უფლება უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, ვინმე რამეში დავადანაშაულო, თუმცა დაზარალებულ მხარეს სწორედ გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი წარმოადგენდა“, - აღნიშნა ადვოკატმა.
როგორც ცნობილია, 29 მაისს თბილისში, შარტავას ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ორი პირი: რობერტ ჟორჟოლიანი და ბერდია ჯაფარიძე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ბიზნესმენს სიცოცხლის მოსპობის მუქარით 200.000 აშშ დოლარს სძალავდნენ.სამართალდამცველებმა ბრალდებულები მანამდე დააკავეს, ვიდრე ბიზნესმენი მათ მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.
როგორც მაშინ ითქვა, პირი, რომელსაც ფულს სძალავდნენ, ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის საქმეშია ჩართული და ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ქსელის მფლობელია, გამომძალველები კი, იტალიური კომპრესორების იმპორტიორ კომპანიაში მუშაობდნენ, ვისგანაც ბიზნესმენმა, თავის დროზე ტექნიკა შეიძინა. დროთა განმავლობაში, მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, იყო ფიზიკური შეურაცხყოფა, წილების გადაფორმების მოთხოვნა, სიცოცხლის ხელყოფის მუქარა და ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებით დაშინების მცდელობა.
სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ კი დაადასტურა, რომ ჟორჟოლიანი და ჯაფარიძე ტყუილად დააკავეს, რადგან ისინი არც კრიმინალები არიან და არც ქურდულ სამყაროსთან, ან გამოძალვასთან კავშირი არ ჰქონიათ.
0