18:05:56     02-02-2018
„არ მახსოვს, რომ მარგველაშვილი იმ ადამიანებს გამოქომაგებოდა, რომელთაც დღეს ახსენებდა“

არ მახსოვს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმ ადამიანებს გამოქომაგებოდა, რომელთაც დღეს ბრიფინგზე ახსენებდა და ვინც წინა ხელისუფლების მსხვერპლი იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა, რომელიც პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„ყველაზე დიდი და კლასიკური შავი პიარი რაც მახსენდება, სწორედ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ დანიშნული შეწყალების კომისიის ხელმძღვანელის ქმედებები იყო. ის ღიად ესხმოდა თავს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტში სწორედ უფლებაშელახული და უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანების მიმართ მივიღეთ. არ მახსოვს, რომ მაშინ მარგველაშვილი იმ ადამიანებს გამოქომაგებოდა, რომელთაც დღეს ბრიფინგზე ახსენებდა და ვინც მსხვერპლი იყო. გულწრფელად გითხრათ, დღეს ამ თემაზე რომ საუბრობდა, პირველად ეს გამახსენდა და ეს სწორედ ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითია. მაშინ მას პრინციპული პოზიცია რომ დაეკავებინა, გაცილებით უფრო დამაჯერებელი იქნებოდა გულშემატკივრობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც წინა რეჟიმის მსხვერპლი იყო”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა - ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მართლმსაჯულება არ უნდა იყოს იმ ადამიანების ხელში, ვინც ახორციელებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას წინა ხელისუფლების დროს.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია მის წინააღმდეგ „შავი პიარით“ დაიწყო.
0