17:58:44     02-02-2018
სერგი კაპანაძე: ეს არის "ქართული ოცნების" კლასიკა

ქართული ოცნებისა“ და მთავრობის მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში, პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით ძალიან შემაშფოთებელ დამოკიდებულებას ვხედავთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ Presa.ge-სთან საუბრისას განაცხადა.
- როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, მმართველი გუნდის მხრიდან მის წინააღმდეგ „შავი პიარია“ აგორებული და „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიას სახელად გიორგი მარგველაშვილი ჰქვია. თქვენი აზრით, რა ხდება რეალურად იმ განცხადებებისა და ინიციატივების ფონზე, რამაც ბოლო კვირის განმავლობაში პერმანენტული სახე მიიღო და რამდენად სახიფათოა ასეთი დაპირისპირება საზოგადოებისთვის?
- ზოგადად, „ქართული ოცნებისა“ და მთავრობის მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში, პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით ძალიან შემაშფოთებელ დამოკიდებულებას ვხედავთ. ეს არ არის ბოლო კვირის ამბავი, რომ ყველანაირად ცდილობენ, ზიანი მიაყენონ ამ ინსტიტუტს. ბუნებრივია, საარჩევნოდ კონკრეტული მოსაზრებები გააჩნია ორივე მხარეს, მაგრამ ეს არის გამოვლინება პრეზიდენტის ინსტიტუტის ანტი-დამოკიდებულებისა, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ გიორგი მარგველაშვილი მის თამაშს აღარ თამაშობს.
- საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობას შესთავაზა, რომ ე.წ. გირგვლიანის შესწორებები „ამნისტიის შესახებ“ 2012 წელს მიღებულ კანონს დაეფუძნოს და სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანები სისტემიდან დაითხოვონ. იმის მიუხედავად, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტს საარჩევნო კამპანიის დაწყებაში ადანაშაულებს, პირიქით ხომ არ არის საფიქრებელი?
- ბუნებრივია, წინასაარჩევნო კამპანია დაწყებული აქვს როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე გიორგი მარგველაშვილსაც, მაგრამ ამის პოპულარიზაციაში არა მგონია, ემი შესვლა სწორი იყოს. აქ უფრო სხვა დიდი პრობლემა ჩანს, საიდანაც გამომდინარეობს სხვადასხვა დასკვნები. ადგილი აქვს ტრადიციულ ე.წ. კუდიანების დევნის დამოკიდებულებას, ანუ 9 წელზე რეფერირებას, იმ დროის ცუდი ამბების გახსენებას იმის ნაცვლად, რომ რაღაც პოზიტიური შესთავაზონ საზოგადოებას. ეს არის „ქართული ოცნების“ კლასიკა და ამას აკეთებენ ყველა არჩევნების წინ. ასე იყო 2016 წლის არჩევნების წინ, ასე იყო 2017 წლის არჩევნების წინ და ალბათ, ასე იქნება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინაც. სინამდვილეში, გირგვლიანთან დაკავშირებული ინიციატივაც იგივეა, ანუ საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარი ერთი დიდი ტრაგედიით სპეკულირება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. გულწრფელად, რომ ვთქვა, გიორგი მარგველაშვილის შეთავაზება ვერ გავიგე რაში მდგომარეობდა, რადგან დეტალებზე არ ისაუბრა. ერთი მხრივ, ის ადამიანები, რომლებიც მაშინდელ და მათ შორის, გირგვლიანის საქმეში მონაწილეობდნენ, დღევანდელი სასამართლოს აკონტროლებენ და ყველამ კარგად ვიცით. ისიც ვიცით, რომ მურუსიძით დაწყებული და სხვა მაშინდელი პირებით დამთავრებული, ძალიან სერიოზული პრობლემაა და ამაში არის სიმართლის მარცვალი, მაგრამ როდესაც პრეზიდენტი ასეთი გულმოდგინებით ამ პრობლემაზე საუბრობს და კონტრშეთავაზებებს აკეთებს, „შპილკაობის“ ნაცვლად, მას კონკრეტული ნაბიჯებით შეუძლია, რომ ჩვენი პოლიტიკური ისტორიის ერთი მნიშვნელოვანი თავი დახუროს.
- რა შეუძლია და არ აკეთებს?
-მაგალითად ის, რომ სტარსბურგის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ვანო მერაბიშვილი გაათავისუფლოს პატიმრობიდან. ასევე შეუძლია, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღესაც პოლიტიკური დევნის მსხვერპლი არიან „ქართული ოცნების“ მხრიდან, მათ მიმართებაში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, შეიწყალოს და მართლა კონკრეტული წვლილი შეიტანოს ამ პოლარიზების აღმოფხვრაში, რადგან ვიდრე ასეთი პოლიტიკური დევნა, დაპირისპირება, იგივე გირგვლიანის ტრაგედიით სპეკულირება იქნება, საზოგადოება პოლარიზაციის პროცესს ვერ გასცდება. ამის ნაცვლად გიორგი მარგველაშვილის სამწუხარო ფერხულშია ჩაბმული.
- ანუ ამბობთ, რომ გიორგი მარგველაშვილი და "ქართული ოცნება" ერთმანეთისთვის სასარგებლო თამაშს თამაშობენ?
- არავითარ შემთხვევაში, მათ განსხვავებული ამოცანები აქვთ, მაგრამ ერთი და იგივე სამწუხარო ტენდენციისა და რეალობის დამკვიდრებას უწყობენ ხელს. პრეზიდენტს შეუძლია კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა, რომელსაც არ დგამს და „ქართული ოცნება“ ამას იყენებს თავისი პოლიტიკური შავი პიარის მიზნებისთვის.
- პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალურად საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს და მოქმედი პრეზიდენტის დისკრედიტაციაზე ამიტომ არიან გადასული. რა ხდება ამ მხრივ, მმართველ გუნდში?
- არ ვიცი ნამდვილად, :“ქართულ ოცნებას“ ჰყავს თუ არა შერჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი როგორც გადაწყვეტს, საბოლოო ჯამში ისე იქნება. ამიტომ, დღეს არ ჰყავთ თუ ხვალ ეყოლებათ, ეს ისეთი თემაა, რომ ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი გამოცნობანას თამაში იქნება.
- თქვენ თუ გეყოლებათ ცალკე კანდიდატი?
-აუცილებლად გვეყოლება, ახლა მიმდინარეობს საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პროცესი, კონსულტაციები ტარდება პარტიის შიგნით, მაგრამ „ევროპულ საქართველოს“ კანდიდატი აუცილებლად ეყოლება. რა თქმა უნდა, კონსულტაციაში ვართ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან, მაგრამ ჩვენ ჩვენი კანდიდატი გვეყოლება.
0