10:47:14     31-01-2018
ოპოზიცია დედაქალაქის მერს და რამდენიმე საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს საკრებულოში იბარებს

ოპოზიცია დედაქალაქის მერს და რამდენიმე საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს საკრებულოში იბარებს. ვარკეთილის მეტროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ხელისუფლების ოპონენტები რიგგარეშე სხდომის დანიშვნის აუცილებლობაზე საუბრობენ.
„შეიკრიბოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა, შესაბამისი სამსახურები, მობრძანდეს კახი კალაძე და გასცეს საზოგადოებას პასუხი, როგორც წინა მმართველობის პერიოდზე, რა ხდებოდა „ქართულ ოცნებაში“, ასევე ამჟამად არის თუ არა მეტრო ჩვენი მოსახლეობისთვის უსაფრთხო,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ.
დედაქალაქის ხელმძღვანელი პირებისგან ოპოზიცია დეტალურ ინფორმაციას ითხოვს, თუ რა მიზეზით შეიძლება მომხდარიყო მეტროში ჭერის ჩამონგრევა.
„ძალიან ბევრი შეკითხვები არის დაგროვებული საზოგადოებაშიც და ჩვენშიც. რატომ განხორციელდა 400 ათას ლარამდე თანხის გადარიცხვა იმ კომპანიაზე, რომლებმაც ასე უნიათოდ შეასრულეს საქმე,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ჟღენტი.
საგანგებო სხდომის გამართვის აუცილებლობას ვერ ხედავს საკრებულოს უმრავლესობა. მათი აზრით, პირველ რიგში არსებულ კითხვებს გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.
„რა კითხვებზეც პასუხი არ არსებობს, იმას გასცემს გამოძიება პასუხს და იქნება ეს გამოძიება უმკაცრესი და უკომპრომისო. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სამსახურის უფროსების დაბარებას, "ნაციონალურ მოძრაობას" თავისი დღის წესრიგი აქვს, მათი საქმეა, ვის დაიბარებენ და მათი საქმეა, ვინც მივა სამსახურების მხრიდან. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამ კომუნიკაციის დეფიციტი არ გაგვაჩნია,“ - ამბობს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა დავითულიანი.
0