20:48:14     25-05-2011
ნიკო ლორთქიფანიძის “ტრაგედია უგმიროთ”
1944 წლის 25 მაისს გარდაიცვალა XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი ნიკო ლორთქიფანიძე.
რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ის მთაწმინდაზე არ არის დაკრძალული (ჯერ ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს, ათი წლის მერე, 1954 წელს დიდუბის პანთეონში გადაასვენეს). არადა მისი ნოველები ქართული ნოველისტიკის მწვერვალია, ყოველ შემთხვევაში, სხვებთან ერთად.
დიდი ქართველი პროზაიკოსი ნიკო (ნიკოლოზ) მერაბის ძე ლორთქიფანიძე დაიბადა 1880 წლის 29 სექტემბერს სოფელ ჩუნეშში, იმერეთში (დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტი). მისი წინაპრები ნამდვილი პატრიოტები იყვნენ. პაპა, გიორგი ლორთქიფანიძე დიდი ხელმწიფის, სოლომონ II "ფიცის კაცების" წინამძღოლი ყოფილა, კი არ ჰყიდდა ქართველებს მონებად, როგორც სხვა თავადები, ქართველების გამყიდველებს და თურქებს ებრძოდა. მამას საგლეხო რეფორმამდე გაუთავისუფლებია თავისი ყმები. აი ასეთ ოჯახში გაიზარდა მომავალი დიდი მწერალი. ჰყავდა ხუთი და და ორი ძმა ჰყავდა. წერა-კითხვა შინ ისწავლა...
მთელი თავისი ცხოვრება საქართველოს სიყვარულში გაატარა. დუელიც კი მოსვლია რუს ოფიცერთან საქართველოს ღირსების დასაცავად. ახალგაზრდობაში ჰქონდა მღელვარე ცხოვრება. არ უყვარდა მეფის რუსეთის რეჟიმს. ცოტა ხანს ციხეშიც იჯდა, რადგან ქართველთა და ებრაელთა ხელოვნურად დაპირისპირებას შეეწინააღმდეგა. არც სწავლის დასრულების უფლება მისცეს ხარკოვის უნივერსიტეტში, სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო. მერე ავსტრიაში გაემგზავრა სასწავლებლად. სწორედ იქ მოუწია უზრდელების დუელში გამოწვევა.
სამშობლოში დაბრუნების მერე პედაგოგობდა. რედაქტორობდა ჯერ გაზეთ "ერს", მერე ჟურნალ "ცხოვრება და ლიტერატურას", შემდეგ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გაზეთ "სამშობლოს". მერე კი, ქუთაისში, ლიტერატურულ ალმანახ "კრებულს".
პარალელურად წერდა თავის უკვდავ ნოველებს, მინიატურებს, მოთხრობებს. გამოქვეყნებული აქვს რომანიც და ორი პიესა.
დღეს გავიხსენოთ ნიკო ლორთქიფანიძის შეუდარებელი "ტრაგედია უგმიროთ". ეს უაღრესად ექსპრესიული ნაწარმოები დღესაც აქტუალურია. დღესაც დგას შიმშილის საშიშროების წინაშე საზოგადოების ერთი ნაწილი, ხოლო ერთი ნაწილი კი ისეთივეა, როგორიც ამ დიდებულ ნოველაში - "რაღა ჩემს ვენახში, ჩემი კარის უკან, ჩემი ბაწრით...”
ტრაგედია უგმიროთ
შეუგნებლად დაერიდა ბავშების სივილს - გამოვიდა ქოხიდან... გადიარა ეზო... უგზო-უკვლოთ მიდიოდა. სადღაც ყანაში ჩამოჯდა ქვაზე. ერთი ფიქრიც არ ჩნდებოდა თავში... ცალ-ცალკე სიტყვები გაიელვებდენ ნაპერწკალივით: „ჭადი“... „ბავშები“... „ხარი“... ისევ ადგა, ჯერ შარაგზას გაყვა, მერე ორღობეში შეუხვია: დაუძახა ვიღამაც. მობრუნდა.
- გუშინწინ რომ მთხოვე ფქვილი, ღმერთია მოწამე, არ მქონდა, აი დღეს ქე მაქ ცოტა, და ნახევარ ჯამს გიზიარებ... ოღონდ არ დამღუპო - იმ პარასკევს უნდა დამიბრუნო.
- მომეცი! - მოკლეთ მოუჭრა და ღობეს მიადგა.
- ამ ტოპსიკას ნუ გამომიგზავნი. მე თვითონ წამოვიღებ...
ადგილიდან არ იძროდა და ხმასაც არ იღებდა.
- რა დაგემართა, კაცო?
- არაფერი!
- ნუ გეშინია, ღმერთი მოწყალეა, ჩვენკენაც მოიხედავს...
ნელა შემობრუნდა, უხმოთ მოშორდა მოხუც დედაკაცს - თავის ნათლიას, რომელიც გულში ფიქრობდა: შენი მტერია, ეს ნახევარი ჯამი ფქვილი კი დავკარგე... მარა ჩემი რძალი მაინც არ გაიგებდეს... რას უშველის, საწყალს, ნახევარი ჯამი?.. ეხ, ღმერთო, ღმერთო!
**
- მამა, ფქვილი მოიტანე? - ახრიალდენ ბავშები.
- გვაჭმევ?
- კი, შვილო, კი, ბიჭო, - ეუბნებოდა ხან ერთსა და ხან მეორეს.
ბავშებს უთქმელათ მოჰქონდათ ფიჩხი, ანთებდენ ცეცხლს, აწყობდენ და ასწორებდენ კეცებს.
მამამ წუთში მოზილა ცომი და გავარვარებულ კეცებს დააკრა. ბავშების მოუთმენლობამ მოაგონა, რომ კარგი იქნებოდა ჭადების გამოცხობამდი მათი თავიდან მოშორება.
- აბა, ბიჭებო, წადით და ბიცოლა ეფროსინეს ოხრახუში გამოართვით - ბევრი აქვს, მოგცემთ...
ბავშები გაიქცენ.
ჭადის სუნმა მამაც აიტაცა. კეციდან ჭადი აიღო, გატეხა, გასაგრილებლად დაბერა და „გასასინჯათ“ ლუკმა პირში ჩაიდვა. მთელ სხეულს განუზომელი მადა აღეძრა...
მეორე ლუკმა...
სწვავდა ენას და მაინც სჭამდა.
ბავშები შემოვარდენ.
- მომეცი, მამა!..
- მეც!..
- გადით, თქვე გასაწყვეტლებო!
- მამა, მამა!!..
- მამა, ერთი ლუკმა!
ბავშები ცალი ხელით მილახა და ლაფაროში გაყარა. იქედანაც თვალზე ცრემლშემხმარი ბავშები ძაღლებივით კნაოდენ და იძახდენ:
- მამა, გვაჭამე!
ყურადღებას არ აქცევდა. მერე ერთიანათ ჩაიმუჭა პირში ბავშების მიერ მოტანილი ოხრახუში და წავიდა... გადავიდა ტევრში... მიწვა... კარგა ხანს ისვენებდა გარეტიანებული, თვალგახილული, მთვლემარი.
წამოიწია, დაჯდა.
ბავშების სივილი მოაგონდა...
მე შევჭამე....
ბავშებს არაფერი ვაჭამე...
ღმერთო, რა მომივიდა?..
სირცხვილი!.. ხალხს რაღა უთხრა?!. ვაი თუ დაიხოცენ...
ადგა, მივიდა ბავშებთან...
გადაბელილი ბჟოლის ძირში მიგდებულიყვენ... ეძინათ... მამა მიუწვა. ცრემლი შეჩერებოდა წამწამზე. თავს იკავებდა: არ გავაღვიძო მაინც!
რა ვქენი! დედა ხომ არ იზამდა!!.
უმცროსს გამოეღვიძა. გაუკვირდა, ჩააჩერდა მამას.
- მამა!.. - წყნარათ დაიწყო ბავშმა.
- რა, შვილო? - ნაზათ უპასუხა.
- მთლად შეჭამე?
- !!
- მამა, ცოტა იქნება დაგრჩა - მომეცი... მუცელი მტკივა, არ გაგამხელ...
მამას ზლუქუნი წასკდა.
პატარა ბავშსაც გაეღვიძა „მშია“-„მშიას“ ძახილით.
მამა წამოიჭრა, ეზო გადირბინა. ვენახში მოხვდა. გაბმული ცხვარი სძოვდა. ახსნა. გავიდა ხეზე. დაჯდა. ბაწარი ტოტს მაგრათ მიაბა, მარყუჟი გამოსკვნა მეორე ბოლოში, გაშინჯა - კისერზე თუ მომიჭერსო და...
კეთილი ბებერი ნათლია იფოფრებოდა: - ღმერთო! ღმერთო! რა დროს მომასწარი!.. რა საცოდაობა დატრიალდა... ვინ მოუვლის დამშეულ ობლებს?!
- რაღა ჩემს ვენახში, ჩემი კარის უკან, ჩემი ბაწრით ჩამოიხჩო თავი ამ ოჯახქორმა! - ბრაზობდა და იწყევლებოდა მეზობელი, რომელსაც ამ შემთხვევის გამო, ვინ იცის, რა მოელოდა...
1922 წ.
0