17:21:47     26-01-2018
პანკისის სპეცოპერაციის საქმის გამოძიების შედეგებს პარლამენტი განიხილავს

მას შემდეგ, რაც სამართალდამცავი ორგანოები პანკისის ხეობაში ერთი თვის წინ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საკუთარ დასკვნებს წარმოადგენს, შემდგომში მას პარლამენტი განიხილავს.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც ეხება მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნას სუს-ის ხელმძღვანელისა და სპეცრაზმელების დასჯასთან დაკავშირებით.
„მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, საქმე იყოს სათანადოდ გამოძიებული. სამართალდამცავ ორგანოებს ეკისრება, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა და ისინი მოქმედებენ ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად. ისინი წარმოადგენენ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საკუთარ დასკვნებს, რომელსაც ბუნებრივია, შემდგომ საქართველოს პარლამენტი განიხილავს“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გადადგომას და სპეცრაზმის თანამშრომლების დასჯას ითხოვს. გარდა ამისა, გარდაცვლილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი მოითხოვს, თემირლან მაჩალიკაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს.
0