13:53:48     22-01-2018
"ჯერ კიდევ სამი თვის წინ შევთანხმდით სამართალდამცავ უწყებებთან, რომ ეს შესაძლოა, ყოფილიყო რისკის შემცველი"

"ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტიდან ამოღებულია ის მუხლი, რომელიც პირადი მოხმარებისთვის, განსაზღვრული ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების საზღვარზე შემოტანის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებდა".
ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
შესაბამისად, მისი თქმით, საზღვარზე ნებისმიერი ოდენობის აკრძალული ნარკოტიკული საშუალების შემოტანის შემთხვევაში დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის მიღების შემთხვევაშიც კი, პირს დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
მისი განმარტებით, ეს ცვლილება კანონპროექტში სამართალდამცავი სტრუქტურების რეკომენდაციის საფუძველზე იქნა მიღებული.
"ჩვენ ჯერ კიდევ სამი თვის წინ შევთანხმდით სამართალდამცავ უწყებებთან, რომ ეს შესაძლოა, ყოფილიყო რისკის შემცველი. პირადი მოხმარებისთვის ადამიანს თუ უდევს ჯიბეში ნახევარი აბი აკრძალული პრეპარატი, დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში მასზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ვრცელდება. ჩვენ კანონპროექტით შემოთავაზებული გვქონდა, რომ ასევე პირადი მოხმარებისთვის განსაზღვრული ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების საზღვარზე შემოტანის შემთხვევაში არ მომხდარიყო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა ამაზე სამართალდამცავმა სტრუქტურებმა განაცხადეს, რომ შეიძლება წახალისდეს ნარკოტიკის ქვეყანაში შემოტანა. დავეთანხმეთ და შემოტანის შემთხვევაში გავრცელდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა",- განაცხადა აკაკი ზოიძემ.
0