18:11:48     18-01-2018
ანა ნაცვლიშვილი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შესახებ კანონში კორუფციულ რისკებს ხედავს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შესახებ კანონში კორუფციულ რისკებს ხედავს.
როგორც ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, თუ აღნიშნული კანონი დაკანონდება, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" შეუძლია ბიუჯეტიდან მიღებული თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი დახარჯოს ისე, რომ ეს ხარჯვა არ დაუქვემდებაროს არანაირ წესს თუ პროცედურას, ვინაიდან დღევანდელი რედაქციით, შესყიდვების დიდი ნაწილი გამოდის მოქმედი რეგულაციებიდან და არანაირი ახალი რეგულაციების დაწესება გათვალისწინებული არ არის.
"ეს ამ კანონის პრობლემური ნაწილია და მედიაპლურალიზმის და ანტიკორუფციული მიმართულებით ქვეყანამ უკან რომ არ დაიხიოს, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა ახალ ეტაპზე ამ კანონს ამ ფორმით მხარი არ დაუჭიროს", - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.
იგი უპრეცედენტო კონსენსუსს უწოდებს მედიის დღევანდელ განცხადებას და აცხადებს, რომ ეს კანონი დააზიანებს როგორც მედიამრავალფეროვნებას საქართველოში, ისე თვითონ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დამოუკიდებლობას.
52 მედიაორგანიზაცია მმართველი გუნდისგან "მაუწყებლობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის, არასამთავრობო სექტორის, თავად კერძო კომპანიების და პარლამენტის მხრიდან შენიშვნების გათვალისწინებას მოითხოვს.
კერძო მაუწყებლების წარმომადგენლების თქმით, თუ საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის ვეტოს არ გაითვალისწინებს და კანონის არსებული სახით ამოქმედება მოხდება, კერძო მაუწყებლები სარეკლამო ბაზარზე არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან.
0