როგორ მუშაობდა ერთ-ერთი უდიდესი ქართველი - მიხეილ ჯავახიშვილი როგორ მუშაობდა ერთ-ერთი უდიდესი ქართველი - მიხეილ ჯავახიშვილი />


  20:33:49     24-05-2011

როგორ მუშაობდა ერთ-ერთი უდიდესი ქართველი - მიხეილ ჯავახიშვილი

a6272.jpg

თავიდან მინდოდა სათაურად დამერქვა "როგორ მუშაობდა მიხეილ ჯავახიშვილი" (მისი წერილის სათაურიდან გამომდინარე). ხომ ყველა ქართველისთვის გასაგებია ვინ არის მიხეილ ჯავახიშვილი, ჩვენი დიდი მწერალი. მაგრამ, მოვინდომე კიდევ ერთხელ აღმენიშნა, რომ მიხეილ ჯავახიშვილი არის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი და ზოგადად ერთ-ერთი უდიდესი ქართველი.

დიახ, ამისთვის მინდოდა ხაზი გამესვა, ვინაიდან ამ ბოლო დროს გამოჩნდა ნაბეჭდი პროდუქცია, რომელიც ამტკიცებს, თითქოს დიდი მწერალი მშიშარა და ჩამშვები იყო. რა საკვირველია, ამაზე პასუხს აზრიც არ აქვს, ვინაიდან ეს ტყუილია.

 

მხოლოდ ერთს ვიტყვი, როდესაც მილიონობით ადამიანი, იდეურად თუ შიშით, ბოლშევიკებს ემსახურებოდა, ჩაშვების ფორმით, ფიზიკურად თუ დუმილით, მიხეილ ჯავახიშვილი ქმნიდა ისეთ ნაწარმოებებს, რომელთა ნებისმიერი სტრიქონისათვის შეეძლოთ დაეხვრიტათ და ეს კარგად იცოდა.

 

დიახ, მიხეილ ჯავახიშვილი იყო უდიდესი გაბედულების ადამიანი, რომელიც ამხელდა "დამპატიჟეებს" თუ ვაი მოძმე ჩამოსახლებულებს (ყველას არ ვეხებით, რა თქმა უნდა). მიხეილ ჯავახიშვილის თითოეული სტრიქონი უმძიმეს და უსასტიკეს ბრძოლაში სამშობლოსათვის მოქნეული მახვილის მსგავსია. XX საუკუნეში ასეთი მარტო იგი არ იყო, საბედნიეროდ.

 

XX საუკუნემ დიდი საჩუქარი მოგვართვა ქართველებს მწერლობაში (კულტურაში საერთოდ). ჩვენ გვყავდა რამდენიმე დიდებული, უდიდესი მწერალი (და სხვა ხელოვანი). მათ შორის ერთ-ერთი უდიდესია მიხეილ ჯავახიშვილი.

 

მიხეილ ჯავახიშვილი არ არის მხოლოდ დიდი ან დიდებული ან ერთ-ერთი დიდი მწერალი - ის დიდი ქართველია. მსოფლიოს ისტორიაში ჩვენ ვიცით მწერლები, რომლებიც დიდი პატრიოტიზმით ვერ გამოირჩეოდნენ. საბედნიეროდ, მე ჯერ არ მსმენია ისეთი დიდი ქართველი ხელოვანის (ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით) შესახებ, რომელიც პატრიოტი არ ყოფილიყოს.

 

დიახ, დიდი ხელოვანი საქართველოში არის დიდი მამულიშვილიც. ჩვენ არ გვაქვს იმის "ფუფუნება" სამშობლოსადმი ნიჰილისტურად განწყობილი მწერალი გვყავდეს და მან შეძლოს "დიდის" ტიტულის "მოპოვება". განსაკუთრებით მწერლობაში. მწერლობა ხომ ჩვენი იდეოლოგიაა, ჩვენი განმკურნავი წამალია, რომელსაც შეძლებია, არა ერთხელ, თითქმის უსიცოცხლო ქართული საზოგადოება დიდი აღმშენებლობისათვის დაერაზმა (იაკობ ხუცესი, იოანე საბანისძე, იოანე ზოსიმე, დავით გურამიშვილი, ილია და არა ერთი სხვა).

 

სწორედ მათ რიცხვშია მიხეილ ჯავახიშვილი - ერთ-ერთი უდიდესი ქართველი, უშიშარი და ღირსეული.

 

დღეს გავიხსენოთ მიხეილ ჯავახიშვილის წერილი "როგორ ვმუშაობ". მასში დიდი მწერალი საინტერესოდ გვიყვება როგორ მიმდინარეობს შემოქმედებითი პროცესი.

 

ერთ-ერთ უდიდეს ქართველზე, მიხეილ ჯავახიშვილზე, პრესა.გე-ს მკითხველებთან სხვა დროსაც გვექნება საუბარი.

 

სანამ საქართველო იარსებებს, - და ეს ვფიქრობ მანამდე იქნება, ვიდრე ღმერთს არ მობეზრდება კაცობრიობა, - მიხეილ ჯავახიშვილზე საუბარი არ შეწყდება ქართველებს შორის, არ დაილევა მისი მკითხველიც.

 

როგორ ვმუშაობ

 

ამ თემაზე - მწერლის მუშაობაზე - ზოგი მწერალი მთელ ტომს დასწერდა.

 

იგი ძალიან ფართეა და რთული. მას ორი მხარე აქვს: ტექნიკური და ფსიქოლოგიური. წერის მარტოოდენ ტექნოლოგია არც იმდენად საინტერესოა, ხოლო შემოქმედების ფსიქოლოგია ძალიან ძნელიც არის და მოსაწყენიც. იგი იმიტომ არის ძნელი, რომ შემოქმედების ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება - ისიც ექსპერიმენტალური! - არც კი არსებობს, ხოლო რაც არსებობს – მეტისმეტად ცვალებადია, დაუდეგარი და ჭრელი. შემაძრწუნებელია ის დრო, როცა ვინმე ვივი-სექტორი პოეტს ან კომპოზიტორს კეფაზე ახალნაირ აპარატს მიადებს და მისი აზრებისა და ლანდების სურათს გადაიღებს. თუმცა-გულმშვიდად იყავით, ხელოვანნო, ასეთი დრო არასოდეს არ დადგება, იმიტომ, რომ ის აპარატი მონადირესავით დააფრთხობს ნადირს – აზრს. ხიბლს, სახეს, ვინაიდან შემოქმედება და სიყვარული მეტიჩარა მეთვალყურეს

თანაბრად გაურბიან.

 

მაგრამ რადგან შემოქმედებაც და მისი ფსიქოლოგიაც მაინც არსებობს, იმიტომ ზოგი ვინმესთვის სასარგებლო იქნება ცალი თვალით მაინც ჩაიხედოს იმ იდუმალ კოლოფში, სადაც რომანი, პოემა, ოპერა, სურათი ან ქანდაკება მზადდება.

 

ბედნიერია, ვინც თავისი გზა ჭაბუკობის დროსვე იპოვა. მამაჩემი სოფლის მეურნე იყო და მეც ამ ხელობისთვის მამზადებდა. აგრონომიამ რვა წელიწადი წამართვა. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, სკოლის დირექტორმა დამიბარა და მითხრა: ,,თქვენ აგრონომად არ გამოდგებით, ამიტომ გირჩევთ სხვა ხელობა აირჩიოთ, მაგალითად, ტელეგრაფისტობა. როგორ მოგწონთ? ,,მშვენიერი საქმეა” მეც დავეთანხმე და აგრონომობას თავი დავანებე, მაგრამ არც ,,მშვენიერი საქმე” მიკისრია. მე სხვა რამე მაწვალებდა. მინდოდა მხატვარი გამოვსულიყავი, ნამდვილად კი წერას და ლიტერატურის შესწავლას შევუდექი და იმ დღიდან ჩემს მწვალებელს აზრებსა და სურათებს ქაღალდზე ვღვრიდი. მართალია, მხატვრულ შემოქმედებას მალე დავანებე თავი და თითქმის ოც წელიწადს ვდუმდი, მაგრამ ამას გვერდს ავუხვევ, ავტობიოგრაფია სხვა დროისთვის იყოს.

 

იმ დროს მწერლობაში ,,საწყალი კაცი” იკალათებდა და მეც მიმიზიდა. ერთხელ ბაზარში მათხოვარა დავინახე – ჯუჯა, უბადრუკი, მუნჯი, მასხარა. დიდხანს ვსდიე და ვუთვალთვალე. მერმე საღამოს შვიდ საათზე ჩავუჯექი და მეორე დღეს თორმეტ საათზეღა ავდექი. ასე დაიბადა ,,ჩანჩურა”. ეს მოთხრობა ორჯერ გადავწერე და ,,ცნობის ფურცლის” რედაქციას მივუტანე, რომელმაც ერთი კვირის შემდეგ მწერალთა ოჯახში შემიყვანა.

 

ერთ საწყალს რამდენიმე საწყალი მოჰყვა (,,უპატრონო”, ,,თავდავიწყება”, ,,მეჩექმე გაბო’’, ,,კურკას ქორწილი’’) და ეს მოტივი – დაჩაგრული და უბედური – ოცი წლის დუმილის შემდეგაც მრავალჯერ გავიმეორე, შეუძლებელია არ განმეორებულიყო, ვინაიდან მწერლისთვის სიბრალული და თანაგრძნობა იგივეა, რასაც თითები წარმოადგენს ოსტატ მეჩონგურესთვის.

 

იმ დროს – ჩემი მწერლობის პირველ ხანში – ერთი მოტივიც გამოჩნდა: ”ეშმაკის ქვა” გუსტავ ლებონის “ბრბოს ფსიქოლოგიამ” დამაწერინა, ხოლო “ხალხის სამართალში” აწერილი სურათი ჩემივე თვალით ვნახე ცხინვალში.

 

რა მასალა უფრო მშველის – ავტობიოგრაფია, დაკვირვება, წიგნი თუ ჩანაწერები? ყველა ერთად, ცალ-ცალკე კი არცერთი. ყველაზე უფრო სახიფათო მწიგნობრული მასალაა. თავისუფალი შემოქმედების მაგიერ ბრმა მიმბაძველობა გამოვა. დაკვირვება ერთ დროს კულტად მქონდა გადაქცეული და ძალიან დამეხმარა. პროზაიკოსისთვის იგი ფრთებს უდრის, უამისოდ ვერ გაფრინდება. შესაძლებელია, მან ხალასი ფსიქოლოგიური რამე დასწეროს,მაგრამ ის ვერ შეჰქმის ცოცხალ ტიპს, ვერ დაგვიხატავს პეიზაჟს, ვერ დაგვანახებს სულიერ-უსულო საგნების ურთიერთობას, ე.ი. ბუნებას, სიცოცხლეს, ცხოვრებას. მისი დანიშნულება კი სწორედაც ეს არის და სხვა არაფერი. მან უნდა გვაჩვენოს და დაგვანახოს, ხოლო მსჯელობა, აღწერა და საუბარი სხვებს უნდა დაუთმოს, ვისაც დაკვირვების მარაგი არა აქვს, ის ვერც ვერაფერს გვაჩვენებს.

 

დაკვირვება და ავტობიოგრაფია განუყრელად არის ერთმანეთში ჩახლართული. განცდილი და საკუთარი თვალით ნანახი ისევე არა ჰგავს მოგონილს, როგორც სულიერი უსულოს. ადამიანის ორი მესამედი სითხეა, ხოლო ერთი მესამედი ცხიმია, ცილა, კირი, შაქარი და რკინა, მაგრამ ეს ელემენტები რომ შეაერთოთ, ადამიანი მაინც არ გამოვა. ჰომუნკულმა და პერპეტუმ-მობილემ ასიათასობით გააგიჟა მეცნიერიც და არამეცნიერიც, ხოლო ნაძალადევად მოგონილმა მასალამ ამდენივე “მწერალი” დაასამარა და ზოგი უდავოდ დიდი მწერალიც დაამარცხა.

 

ცოცხალ ადამიანს სითხეც აქვს, რკინაც, კირიც დაკიდევ ის “რაღაცა”, რაც “ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად”. ყველას შეუძლია რაღაცა ამბავი მოიგონოს, მაგრამ თუ მას ეს “რაღაცა” – განცდილი და ნანახი – არ ახლავს, უსულო ფაბულა და ხერხები იმ თილისმურ ქმნილებად ვერ გადაიქცავა, რომელიც თვითონაც ჰფეთქავს, ჯადოსნობს და ჩვენც გვათრთოლებს და გვაჯადოებს, მაგრამ ნუ გგონიათ თითქოს ეს ყოფილიყოს უმთავრესი და საკმარისი. უკლებლივ ყველას გადაჰხდენია რაღაც ამბავი, რაღაც განუცდია და რაღაც უნახავს, მაგრამ ყველა მწერლად არ ივარგებს. მწერალს და საერთოდ შემოქმედს ბევრი ისეთი რამე სჭირდება, რაც უკვე იცის მეცნიერებამ, და ერთი ისეთი რამეც, რაიც ჯერჯერობით უძლეველია და მიუგნებელი.

 

ერთი მხრივ მე ბედნიერი მწერალი ვარ: ძალიან ბევრი მივლია, მინახია, განმიცდია და გამიგონია, ამიტომ ავტობიოგრაფიული დუღაბი საკმაოდ მომეპოვება.

 

ცოდნაც არა კმარა. მარტო მწიგნობრული განათლება მცოდნეს გამოიყვანს, მაგრამ განათლებულ მწერალს ვერ შეგვიმზადებს. მარტო ცოდნა, ნამეტანი კი დიდი ცოდნა მწერალს ზოგჯერ ხიფათსაც უმზადებს. თენი სწერს: “პოეტისთვის ძალიან სახიფათოა თავის ხელობის ზედმიწევნით ცოდნა, რადგან ის პოეზიაში ხელოვანი კი არა, ხელოსანი იქნება”. იგივე აზრი თენზე უფრო ადრე გოეთემ გამოსთქვა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მარტო წიგნი და კარჩაკეტილობა პატიმრობას უდრის-მეთქი. მწერალმა, ნამეტან კი პროზაიკოსმა, ბევრი უნდა იმოგზაუროს, რათა ყველაფერი ნახოს, განიცადოს, გაიგოს, მოისმინოს და შეისრუტოს, თორემ ვისაც ბევრი არა მიუღია რა, ის ბევრს ვერც მოგვცემს.

 

პროტოტიპი ძლიერ ეხმარება მწერალს. თუ მას თვალწინ ცოცხალი ნაცნობი უდგია, მისი ტიპიც ცოცხალი გამოვა. მაგრამ პორტრეტის დახატვა არა კმარა. მწერალი მას თავისებურად გარდაქმნის, ზოგ რამეს მიუმატებს, ზოგსაც დააკლებს და ისეთ ვინმეს გამოიყვანს, რომელიც კიდეცა ჰგავს დედანს და არცა ჰგავს. ასე იქმნება სინტეტური ტიპი. ,,ჩანჩურა” ცოცხალი ვნახე-მეთქი. ვნახე მეჩექმე გაბოც, კურკაც, ლამბალოც, ყაშიც, აბდულაც. კვაჭი მრავალჯერ შემხვედრია, ჩემთვისაც გაუკრავს მას კლანჭი. ის ნარევი ტიპია.

 

ჯაყო სულ სხვანაირად წარმოიშვა. 30 წლის წინათ ჯავის ხეობაში უცნაური ვინმე შემხვდა –ბრგე, ბანჯგვლიანი, ცბიერი, ხარბი, ამავე დროს მარდი და მოხერხებული. მისი სახელი აღარ მახსოვს. 10 წლის შემდეგ ინჟინერმა ფიდო ყაზბეგმა ქართულ კლუბში ასეთი ანეკდოტი გვიამბო:

ნაყმევმა თავის კნეინას ძღვენი მიართვა.

- გამარჯვება, ჯაყო!

- კნეინას გახლავარ.

- რასა იქმ, როგორა ხარ?

- ძალიან კარგად ბრძანდები, შენი წირი მე.

- ცოლ-შვილი როგორა გყავს?

- სულ კარგათა ხართ, გენაცვალე.

- რამდენი შვილი გყავს, ჯაყო?

- თორმეტი გყავს, გენაცვალე მაგ თვალებშია.

- როგორ მოახერხე მაგდენი, ჯაყო?

- მაშა, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა! – მიუგო ნაყმევმა.

 

უკანასკნელ სამ სიტყვაში ამაზე უფრო მწვავე პილპილი ეყარა. ანეკდოტი ჩემს ხსოვნაში ხუთიოდე წუთზე მეტს ვერა სძლებს, მაგრამ ამ უწმაწურ ანეკდოტს ჯაველი ოსი ჩაეხლართა და ამ სახემ ჩემი ხსოვნის ერთ-ერთ კუნჭულში დაიბუდა. კიდევ გავიდა ათიოდე წელიწადი და იგი მოულოდნელად გაცოცხლდა, გაშიშვლდა და თვალწინ წამოეჭრა. აი ზოგჯერ რა უცნაურად იბადება ტიპი.

 

არსენას ტიპის ასახვის დროს ჩემი ბიძაშვილი ბაგრატ ბურნაძე მედგა თვალწინ. ღვთისავარი პაპაჩემი ანდრო ბურნაძეა. ლაცაბიძე თავადი მელიქიშვილის მზარეული სანდროა. მოგონილი ტიპი მშრალი გამოდის, პროტოტიპად გადმოღებულს კი მეტი სიცოცხლე ეტყობა.

 

მეკითხებით, პირველ იმპულსს რა გაძლევთ, - გაგონილი ამბავი, დაკვეთა, სახე თუ სხვა რამეო? გიპასუხებთ ერთიც, მეორეც, მესამეც. ,,თავდავიწყება” (ეკა) სვ. ყიფიანმა მიამბო, ,,ტყის კაცი” – პაოლო იაშვილმა, ,,ორი განაჩენი” – შოთა დადიანმა, ,,მართალი აბდულაჰ” – სანდრო შანშიაშვილმა, ,,თეთრი კურდღელი’ – პროფ. ასათიანმა, სხვებისგანაც ბევრი რამ მოვისმინე და აქა-იქ რომანებსა და მოთხრობებში გავფანტე. ყველას და ყველაფერს ვერ მოვიგონებ. წესად დავიდე და დღემდე ვასრულებ: თითქმის ყოველდღე რაღაც უნდა ჩავიწერო – სიტყვა, სახე, თქმა, ამბავი, წვრილმანი და მსხვილმანიც. ზოგი ყურმოკრულია, ზოგი თვალმოკრული და ზოგიც მოგონილი.

 

ეს მასალა – გაგონილი და მოგონილი – შემოქმედების ლაბორატორიაში იხარშება, მუშავდება და ბოლოს ისეთი რამე გამოდის, რასაც ზოგჯერ თვითონ ავტორიც ძლივს იცნობს ხოლმე.

0

ავტორი: