14:55:11     08-01-2018
თეა წულუკიანი: ვერანაირი მსუსხავი ე.წ. ეფექტი ამ სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ ექნება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტისათვის გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა და ოპონენტები კანონის არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა.
თეა წულუკიანის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება იყო მიუკერძოებელი და ის სრულად ეხმიანება გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას.
„ჩვენ ბოლო პერიოდში ბევრი რამ მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიწყალოს დამნაშავე პირი, არის შეუზღუდავი, აბსოლუტური და რომ ის არ უნდა დაექვემდებაროს არანაირ კონტროლს საზოგადოების ან თუნდაც მართლმსაჯულების მხრიდან, რასაც მე პირადად ვერ ვიზიარებ, რადგანაც სააკაშვილის მიერ ამ კონკრეტულ საქმეზე შეწყალების უფლების გამოყენების კონტროლი უკვე განახორციელა რამდენიმე წლის წინ ისეთმა მართლმსაჯულების ორგანომ, როგორიც არის სტრასბურგის სასამართლო და მან თავის გადაწყვეტილებაში თქვა, რომ სააკაშვილის მიერ შეწყალების უფლების გამოყენება ამ საქმეზე იყო მისთვის საოცარი, თუ გნებავთ შოკის მომგვრელი, როგორც ეს წერია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში. რადგან, როდესაც საქმე ეხება უდანაშაულო ადამიანის მკვლელობას და ამ საქმეზე იხდიან სასჯელს პატიმრები, იქ შეწყალების უფლება არ უნდა გამოყენებულიყო,“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანის განმარტებით, შეწყალების შესახებ პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ მას აქვს ეს უფლება და არა იმას, რომ მისი გადაწყვეტილება, შეიწყალოს მსჯავრდებული, კონტროლს არ ექვემდებარება.
„პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლება შეიწყალოს მსჯავრდებულები, რაც უბრალო ენაზე ნიშნავს იმას, რომ მის მეტს არავის აქვს ასეთი უფლება, მაგრამ რა მიზნით და როგორ გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ ამ უფლებას პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ეს კონტროლს ექვემდებარება და ვერანაირი მსუსხავი ე.წ. ეფექტი ამ სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ ექნება,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
0