13:54:42     05-01-2018
„სასამართლოს „განაჩენი“, რომელიც ივანიშვილის კონტროლის ქვეშაა, სრულიად უსამართლოა“

„საქართველოს სასამართლოს „განაჩენი“, რომელიც "გაზპრომის" მსხვილი აქციონერის, ივანიშვილის კონტროლის ქვეშაა, არის სრულიად უსამართლო, ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმას და მოკლებულია საღ აზრს“, - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას გააკეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, 179 პატიმრის შეწყალების გამო, რომელთა შორის სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირები იყვნენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, შეწყალების უფლების გამოყენების გამო, რომელიც პრეზიდენტის აბსოლუტურ უფლებას წარმოადგენს, პოლიტიკური დევნის გამოხატულებაა.
„პრეზიდენტის გასამართლება შეწყალების უფლების გამოყენების გამო ( რომელიც მე გამოვიყენე 133 ყოფილი სამხედროს მიმართ) რომელიც არანაირად არ არის შეზღუდული, მეტყველებს ამ პროცესის სრულიად პოლიტიკურ ხასიათზე.
ეს ასევე მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 5 წლის განმავლობაში ვერაფერი ვერ მოძებნა ჩემს წინააღმდეგ, ვერც კორუფციის ან სხვა კანონდარღვევის საქმეში. მაგრამ ეს „განაჩენიც“ და მათ შორის პარალელური პროცესი კიევში აჩვენებს, რომ ოლიგარქიული ხელისუფლებები საქართველოშიც და უკრაინაშიც მოქმედებენ სინქრონულად და ერთმანეთთან სრულ კოორდინაციაში, ჩემს წინააღმდეგ, როგორც ლიდერის რომელიც იბრძვის კორუფციის, ოლიგარქიის და მოსახლეობის ძარცვის წინააღმდეგ,“- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „განაჩენი“, რომელიც კიევში მიმდინარე სასამართლო პროცესების პარალელურად მიიღეს, ორი ქვეყნის, უკრაინის და საქართველოს, ოლიგარქიული ხელისუფლებების კოორდინირებულად მოქმედებას აჩვენებს.
0