12:33:33     05-01-2018
მექა ხანგოშვილი: პირადად მე ამ კადრებმა არაფერი არ მომცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას პანკისის ხეობიდან ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი გამოეხმაურა.
ხანგოშვილი ამბობს, რომ ძალოვანი უწყების მიერ დასახელებული პირები, რომლებიც წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდნენ.
მისივე თქმით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები პანკისის ხეობაშიც ჩადიოდნენ, თუმცა ისინი საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებოდნენ.
„პირადად მე ამ კადრებმა არაფერი არ მომცა. არანაირი რეალური მტკიცებულება აქ არ არის. იბრაგიმ ადაშევი და ჩატაევის თანამებრძოლები ორი წლის განმავლობაში შემოდიოდნენ საქართველოში ლეგალური გზით. როგორც ტურისტი აცნობდნენ თავს, პანკისის ხეობაში ბევრჯერ იყვნენ და ასე შემდეგ, ანუ, თავისუფლად გადაადგილდებოდნენ საქართველოს მხარეში. ამ ადამიანებთან ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის მეც, ჩემს კართან, რომ მოსულიყვნენ და დაეკაკუნებინათ, მათ შუბლზე არ აწერიათ რომ ინტერპოლით არიან ძებნილები და ტერორიზმში თანამონაწილე, თუ მართლა ასეთები იყვნენ სახელმწიფოს უსაფრთხოების ზომები უნდა დაეცვა და ისინი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვა,“ - განაცხადა მექა ხანგოშვილმა.
ტერორიზმთან 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირს უარყოფს დაჭრილი ახალგაზრდის ოჯახიც. ელენე მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ სუს-ის მიერ დასახელებული პირები მის ოჯახში არასდროს ყოფილან.
0