11:35:16     05-01-2018
ზაალ უდუმაშვილი: ეს არის მორიგი სამართლებრივი ნონსენსი „ქართული ოცნების“ სასამართლოსგან

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელები ესწრებოდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი გადაწყვეტილებას უპრეცედენტოს უწოდებს. მისი თქმით, გაასამართლო პრეზიდენტი მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებისთვის, არის სამართლებრივი ნონსენსი.
„ეს არის მორიგი სამართლებრივი ნონსენსი „ქართული ოცნების“ სასამართლოსგან, რადგან საქართველოს პრეზიდენტს გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი იმის გამო, რომ მან შეასრულა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება-მოვალეობები, გამოიყენა ეს უფლება-მოვალეობები. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს ხელისუფლებას, მთლიანად საქართველოს სახელმწიფოს დაუბრუნდება ძალიან ცუდად უკან ბუმერანგივით,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს გიორგი არევაძეს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს "ენმ"-ის კიდევ ერთი წევრი ზურაბ მელიქიშვილი. მისი თქმით, გადაწყვეტილება პოლიტიკურია და მას არანაირი შემხებლობა არ აქვს სამართალთან.
„დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც ციხიდან გამოუშვა შკრილნიკოვი და ასამართლებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს თავისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის,“ - აცხადებს მელიქიშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მესამე პრეზიდენტის ბრალდების ნაწილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე ეხება გირგვლიანის საქმეზე დაკავებული პირების შეწყალებას, რასაც ბრალდების მხარე სააკაშვილს ედავება.
0