18:50:11     04-01-2018
"ალაჰის და საქართველოს წინაშე ვაცხადებ, რომ ჩემს შვილს აზრადაც არ მოსვლია ცუდის გაკეთება"

მალხაზ მაჩალიკაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა სუსის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას, რომლის მიხედვით, თემირლან მაჩალიკაშვილი ლიკვიდირებულებთან ერთად გადაადგილდება თბილისში. მამა აცხადებს, რომ მან არ იცის ვინ არის ბორზიევი და არც სოლტახმადოვი.
”ჩემს შვილს თუ ვინმე შეხვდა და უთხრა ტელეფონზე დამირეკეო, ეგ არ ვიცი. ეგ ნებისმიერს შეუძლია გააკეთოს. ნებისმიერს შეუძლია ჩემთანაც მოვიდეს, მაგრამ არ ვიცი ვიზე საუბრობენ. მათ არც გვარებით ვიცნობ და არც სახელებით. ჩემი შვილი თბილისში სწავლობდა და აქ მე თვითონ შევიყვანე პროფესიულში. ადრე ოპერაციამდე ბავშვი საზოგადოებაში არ გამოდიოდა იმიტომ, რომ კომპლექსი ჰქონდა. რადგან რუსეთიდან წამოვედი, მინდოდა ჩემი შვილი საქართველოში გამეზარდა და აქ მიეღო განათლება და კულტურა”, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
გარდა ამისა, მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი შვილის კავშირს ტერორიზმთან კატეგორიულად გამორიცხავს. ”ვიცი, რომ ჩემს შვილს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს. კაცურად, გულწრფელად, ჩემი ჩეჩნურით, ალაჰის წინაშე და საქართველოს წინაშე ვაცხადებ, რომ ჩემს შვილს აზრადაც არ მოსვლია ცუდის გაკეთება და რომც მოსვლოდა აზრად ეს, ჩემი ხელით დავახრჩობდი. ეს შეიგნოს ყველამ”, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
0