13:00:11     03-01-2018
საპროტესტო გამოსვლები ირანში - რა ცვლილებები ელის მსოფლიოს?

ანტისამთავრობო გამოსვლებმა ირანში ბოლო ერთი კვირაა მასშტაბური სახე მიიღო. ირანელები ხელისუფლებისა და პოლიტიკური წყობის წინააღმდეგ სოციალური მოთხოვნებით გამოვიდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, საპროტესტო გამოსვლები ზოგადად, სისტემის წინააღმდეგ აქციებში გადაიზარდა.
პირველი მსხვერპლი 31 იანვრის ღამეს დაფიქსირდა. პოლიციელებმა ორი დემონსტრანტი მოკლეს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია რამდენიმე ათეული და დაპატიმრებულია ათასობით ადამიანი. ხელისუფლების მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ მთავრობა მსხვეპლის რეალურ რიცხვს მალავს.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფორმაციის გადინება მასიმალურად აიკრძალა, ირანელები სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით მაინც ახერხებენ ფაქტობრივად უწყვეტ რეჟიმში მიაწოდონ მსოფლიოს მათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ცნობები.
[I=2]
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისათვის, იმ ათეულობით ქალაქების უმრავლესობაში, სადაც საპროტესტო მუხტი აგორდა, ხელისუფლებამ გამოსვლების შეჩერება შეძლო. ხელისუფლების მტკიცებითვე, საამისოდ მათ არ დასჭირვებიათ „ისლამური რევოლუციის გუშაგების“ ჩართვა და ყველაფერი საპოლიციო ძალებით მოგვარდა. პოლიციამ სასტიკად დაარბია გამოსვლები, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
რა ვითარებაა ამ დროისათვის ირანში? როგორ ეხმაურება საერთაშორისო საზოგადოება მიმდინარე მოვლენებს და რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში?
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ შტატები დააკვირდება საპროტესტო გამოსვლებს ირანში. ანტისამთავრობო გამოსვლები ქვეყანაში 2009 წლის შემდეგ აღარ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ 2009 წლის მასშტაბური აქციების დროსაც კი, პროტესტის მონაწილეებს ირანის ისლამური რეჟიმის დამხობა არ მოუთხოვიათ. აიათოლა ალი ხამენეის მმართველობის წასვლის სურვილმა, ამ დღეებში მიმდინარე გამოსვლებში გაიჟღერა.
[I=3]
ექპერტები აცხადებენ, რომ ამ დროისათვის ირანის ისლამური რესპუბლიკა საერთაშორისო ასპარეზზე მომგებიან სიტუაციაში იმყოფება. ირანის გავლენა მნიშვნელოვნად გაძლიერდა ახლო აღმოსავლეთში, ერაყსა და სირიაში, სადაც ირანმა სერიოზული როლი ითამაშა „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების საქმეში. თუმცა, ამ პროცესებმა ვერ გადაფარა ის მძიმე ეკონომიკური ვითარება, რაც ქვეყნის შიგნითაა. სპეციალისტების თქმით, ირანის საზოგადოების დიდი ნაწილი პოლიტიკური მმართველობის მიმართ შეურიგებლად არის განწყობილი.
თუ 2009 წელს ირანელები ქვეყანაში რეფორმებს და დემოკრატიზაციას ითხოვდნენ, ამჟამად ისინი უკიდურესად რადიკალურები არიან და მათი მთავარი სურვილი მთლიანად სისტემის შეცვლაა. სწორედ ამის გამოა, რომ ბევრმა ექსპერტმა-პოლიტოლოგმა მიმდინარე პროცესებს კონტრრევოლუციაც კი დაარქვა.
ირანის დღევანდელი პრეზიდენტი, ჰასან როუჰანი წინა პრეზიდენტის, დასავლეთის მიმართ რადიკალურ განწყობილი მაჰმუდ აჰმადინეჯადისგან განსხვავებით, ზომიერ და რეფორმატორ პრეზიდენტად ითვლება. ისლამურ რესპუბლიკაში მართლაც გატარდა რეფორმები და მიმდინარეობს პოლიტიკური სისტემის ცვლილება, მაგრამ საზოგადოება არ არის კმაყოფილი შედეგებით - ქვეყანაში სოციალური ფონი მძიმდება, ბირთვულმა შეთანხმებამ კი საერთაშორისო მდგომარეობაც ვერ გამოსწორა.
ვითარება ჯერ კიდევ ობამას დროს დაიძაბა, რასაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპის ხელისუფლების მოსვლა და საერთაშორისო გარემოს მნიშვნელოვა ცვლილებები მოჰყვა ირანის საწინააღმდეგოდ. ამერიკის ახალი პრეზიდენტი ბირთვულ შეთანხმებას არათუ პოზიტიურ მოვლენად თვლის, არამედ პირიქით, მას წინა ხელისუფლების შეცდომად მიიჩნევს და მის გაუქმებას ცდილობს. ამიტომ, შეთანხმების შემდგომი პროცესები ირანისათვის პოზიტიურად ვერ წარიმართა.
[I=4]
ამჟამად, ირანის ისლამური ხელისუფლების მოწინააღმდეგე რადიკალური ფრთას ძირითადად ახალგაზრდები წარმოადგენენ. მათ მხარს უჭერს ირანის გარეთ, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მრავალრიცხოვანი ირანული დიასპორა.
თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის მებრძოლი საზოგადოების რომანტიკულ ელფერს, სამოქალაქო თავისუფლებისათვის ბრძოლას ერთვის უამრავი სხვადასხვა ინტერესი ადგილობრივი თუ საერთაშორისო დაინტერესებული ჯგუფების მხრიდან. ექსპერტები ირანის არეულობების ან მისი პოლიტიკური წყობის რევოლუციის გზით დამხობის შემთხვევაში, ჩვენს რეგიონში ვითარების მკვეთრ ცვლილებას ვარაუდობენ.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ირანის ისლამური ხელისუფლების სახით რუსეთს რეგიონში მნიშვნელოვანი საყრდენი გამოეცლება, რაც პოლიტიკურ ბლოკს - რუსეთი-სომხეთი-ირანი საბოლოოდ დაშლის. როგორ იმოქმედებს ეს საქართველოზე, ძნელი სათქმელია, თუმცა, ის აშკარაა, რომ გამოსვლებმა პუტინის ხელისუფლება მნიშვნელოვნად შეაშფოთა, რაც კრემლის ე.წ.ზომიერ განცხადებებშიც აისახა. კრემლს იმის შიშიც გაუჩნდა, რომ შესაძლოა, „შემდეგი“ იყოს.
ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა პროცესები ცვლილებებისათვის რომ დაწყებულია, ეს ფაქტია. ამ ცვლილებების მასშტაბი და მომენტი კი დროის საქმეა.
0