13:24:39     28-12-2017
ევროკავშირმა საქართველოს 48,1 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკავშირმა საქართველოს რეფორმების მხარდასაჭერად, გრანტის სახით 140 მილიონი ლარის (48.1 მილიონი ევრო) დახმარება გამოუყო.
საქართველოში ევროკავშირი წარმომადგენლობის ინფორმაციით, რეფორმები მოიცავდა შემდეგ სფეროებს: ვაჭრობისა და ბიზნესის განვითარება, პროფესიული განათლება და დასაქმება, სოფლის მეურნეობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაცია.
დახმარება ასევე გამოიყო საქართველოს მართლმსაჯულების სფეროს, საჯარო ადმინისტრირების, საჯარო ფინანსების მართვისა და რეგიონული განვითარების პოლიტიკისათვის.
თანხების გამოყოფა ხდება ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამების ფარგლებში, რომლებიც მთავრობასთან ერთად ხორციელდება.
დამოუკიდებელი ანგარიშების საფუძველზე, ევროკავშირმა შეაფასა მიღწეული წინსვლა მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით შემდეგ სფეროებში: ევროკავშირი-საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცისა (DCFTA) და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (SMEs) მხარდაჭერა; დასაქმება, პროფესიული განათლება და ტრენინგი; სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება (ENPARD II); საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული/იძულებით გადაადგილებული პირებისა და მათი მასპინძელი თემების მხარდაჭერა; რეფორმების მხარდაჭერა მართლმსაჯულების სფეროში; საჯარო მმართველობის რეფორმა; საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში; საქართველოში რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა.
საქართველოში ევროკავშირი წარმომადგენლობის ცნობით, საქართველომ კარგ პროგრესს მიაღწია ვაჭრობისა და კერძო სექტორის სფეროების განვითარებაში, წინასწარ შეთანხმებული გზამკვლევის თანახმად.
ეს მოიცავდა არაერთი ეროვნული საკანონმდებლო აქტის დროულ დამტკიცებას, რომელთა მიზანი იყო მიმზიდველი ბიზნეს გარემოს შექმნა, მათ შორის, სურსათის უვნებლობა, ვაჭრობის ტექნიკური დაბრკოლებები და ბაზრის ზედამხედველობა. “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში კონსულტაცია გაეწია და ტრენინგი ჩაუტარდა 220-ზე მეტ მცირე და საშუალო ზომის საწარმოს, ხოლო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით, მოხდა DCFTA-ით სარგებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება კერძო სექტორში რეგიონულ დონეზე.
საბიუჯეტო დახმარება ევროკავშირის თანამშრომლობის ინსტრუმენტია, რომელიც მოიცავს სახსრების პირდაპირ გადარიცხვას პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში.
სახსრები გამოიყოფა ყოველწლიურად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წინასწარ შეთანხმებული შედეგები მიიღწევა.
მთავრობას მოეთხოვება შეინარჩუნოს მიღწეული შედეგების დამაკმაყოფილებელი მაჩვენებელი მაკროეკენომიკური პოლიტიკის, საჯარო ფინანსების მართვის და ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ, რაც მოიცავს ყველა გადასახადს.
0