"6 წელია პარლამენტის წევრი ვარ და ასეთი სისულელე ჯერ არ მომისმენია" "6 წელია პარლამენტის წევრი ვარ და ასეთი სისულელე ჯერ არ მომისმენია" /> "/> " />


  15:32:56     27-12-2017

"6 წელია პარლამენტის წევრი ვარ და ასეთი სისულელე ჯერ არ მომისმენია"

a74767.jpg

პარლამენტში ორი ახალი ფრაქცია დარეგისტრირდა: ფრაქცია „ქართული ოცნება -ძლიერი საქართველო“ და „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“. 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შესულია დეპუტატების 19 განცხადება, რომელიც ახალ ფრაქციაში გაწევრიანების მიზნით, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ გასვლას ეხება. 

მისივე ინფორმაციით, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ გადიან და ახალ ფრაქციებში ნაწილდებიან მაჟორიტარი დეპუტეტები: ზაზა პაპუაშვილი, კობა კობალაძე, ბიძინა გეგიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, გიორგი კოპაძე, იოსებ მაკრახიძე, კობა ნაკაიძე, თამაზ ნავერიანი, ოთარ დანელია, ირაკლი ხახუბია, გოჩა ენუქიძე, ივლიანე წულაია, გენადი მარგველაშვილი, ირაკლი შიოლაშვილი, ირაკლი აბუსერიძე, ედიშერ თოლორაია, რუსლან პოღოსიანი, ანზორ ბოლქვაძე, მირიან წიკლაური, გიორგი თოთლაძე. 

ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეები“ დატოვა დეპუტატმა ირაკლი აბუსერიძემ. 

ამავე ფრაქციაში კი გაწევრიანდნენ პარლამენტის წევრების სავალალ მირზოევი და გენადი მარგველაშვილი. 

ფრაქციაში „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ კობა ლურსმანაშვილი და ანზორ ბოლქვაძე გაწევრიანდნენ, ხოლო ამავე ფრაქციიდან გავიდნენ გოდერძი ჩანქსელიანი და პაატა მხეიძე. 

ფრაქცია „ქართული ოცნება - ქრისტიან დემოკრატები“ კი დატოვა პარლამენტის წევრმა სავალალ მირზოევმა. 

ფრაქცია „ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატებში“ მირიან წიკლაური და რუსლან პოღოსიანი გაწევრიანდნენ. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ ბექა ნაცვლიშვილი, ხოლო მდივნად რუსლან პოღოსიანი აირჩიეს. 

"პრესა.ჯი" პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის ესაუბრა:

-ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირების გამო,  უმრავლესობას იმდენად გაუჭირდა ამ ფრაქციების დაკომპლექტება, რომ ერთი კვირა სთხოვდით კოლეგებს, რომ ახალ ფრაქციებში შეგეყვანათ. რამდენად შეეფერება სიმართლეს?

-„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციები იმდენად არ ემთხვევა არც რეალობას, არც რეგლამენტს და ისეა აცდენილია ლოგიკურ აზროვნებას, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს. „ქართული ოცნების“ წამყვანი ფრაქცია საკმაოდ დიდი იმისათვის, რომ ოპერატიული მართვა შეძლოს. უმრავლესობაში არიან ადამიანები, რომლებმაც შექმნეს გუნდები ფრაქციების სახით, რაც მართვის სისტემასაც გააუმჯობესებს და გარკვეულ საკითხებსაც მოიქცევენ ყურადღების ქვეშ. რა შუაშია ახლა ეს იმასთან, რასაც რომან გოცირიძე ამბობს, ვერ ვხვდები.

- მათ აქვთ ეჭვი, რომ "ქართული ოცნების" ბაზაზე ახალი ფრაქციების შექმნა სწორედ დაპირისპირების ნიადაგზე გადაწყდა და ახალი ფრაქციების შემადგენლობა გადანაწილდა ე.წ. გია გაჩეჩილაძისა და ტარიელ ხეჩიკაშვილის სამეგობროების ნიშნით. არ შეეფერება ეს სიმართლეს?

-არავითარი ეჭვი არა აქვთ. მათ აქვთ სურვილი, რომ ეჭვი თქვენ გაგიჩინონ. დამერწმუნეთ, რომ თვითონ ზუსტად და კარგად იციან ყველაფერი. იმაზე მეტი სისულელე და უსაფუძვლო განცხადება, რომ ეს ფრაქციები ვიღაცის მეგობრობის ნიშნით გადანაწილდა, 6 წელია პარლამენტის წევრი ვარ და არ მომისმენია.

-გუშინ, ახმეტის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის თემაზე გაჩნდა კითხვის ნიშნები, რომ სამართალდამცველებმა გადაამეტეს უფლებამოსილებას. ამაზე საუბრობს სახალხო დამცველიც და თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

-სახალხო დამცველს არ უთქვამს, რომ სამართალდამცველებმა გადაამეტეს უფლებამოსილებას. ის სწავლობს ამ საკითხს და მისი მოსაზრებები, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება, მათ შორის სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელობისათვის. რაც უფრო მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩატარდება უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც მეტი ეკონომიკური პროექტი განხორციელდება, იქნება ეს პორტის მშენებლობა თუ სხვა, მით უფრო მწვავე ეპითეტები იქნება გამოყენებული ოპოზიციის მხრიდან. ვფიქრობ, ასეთი განცხადებების შესაბამისობაში არ იქნება სახალხო დამცველის მოსაზრებები და ამის იმედი ნამდვილად გვაქვს.


-ელექტროენერიის საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით, სემეკმა დღეს გადაწყვეტილება მიიღო. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას და რა მოჰყვება ამას, განსაკუთრებით ქვეყნის რეგიონებში?

-საერთოდ, ფასების, გადასახდების ზრდა, რასაკვირველია, რთულია ხალხისთვის და ჩვენთვისაც კი, ვისაც ჯერჯერობით სტაბილური ხელფასი გვაქვს უახლოესი წლების განმავლობაში. ძალიან ბევრი სოციალური პროგრამა მოქმედებს და ამ მხრივ, სახელმწიფომ რაც შეიძლება მეტი შეღავათი და დახმარება უნდა აღმოუჩინოს სოციალური პროექტების სახით. სემეკის გადაწყვეტილებაზე სახელმწიფოს გავლენა მინიმალურია. ოპოზიციას აქვს მოსაზრება, რომ მათ აქვთ ისეთი პროგრამები, რომელიც ეკონომიკას მოკლე პერიოდში ააღორძინებს, რასაც ჩვენ არ ვიჯერებთ, რაც სიმართლეს არ შეეფერება. რეალურად ვითარება მთელ მსოფლიოში, ჩვენ რეგიონში  რთულია და ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. 0

ავტორი: