14:17:33     27-12-2017
"ძალადობა, კაცის კვლა რომელიც რელიგიის სახელით ხდება, შეურაცხყოფს ჭეშმარიტი მუსლიმების რელიგიურ გრძნობებს"

საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ამბობს, რომ კაცის კვლა რელიგიის სახელით მუსლიმებს შეურაცხყოფს. მათი თქმით, მას არაფერი საერთო არ გააჩნია ისლამთან.
მუსლიმთა სამმართველო რელიგიის სახელით ძალადობას გმობს და ხელისუფლებას მიმართავს.
"ამის ნათელი მაგალითია საქართველოს მუსლიმები. მათ საკუთარი წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში. მუსლიმების სახელით ვემიჯნებით და ვგმობთ რელიგიის სახელით განხორციელებულ ძალადობას, მივმართავთ ხელისუფლებას მიიღოს ზომები სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. ყველა რელიგია უნდა გავერთიანდეთ ძალადობის წინააღმდეგ", - თქვა საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ.
"ბოლო პერიოდში შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სისხლიან კონფლიქტებს, ვაცნობიერებთ რა, რომ ეს ცეცხლი შესაძლოა უფრო გაღვივდეს და მეტი ქვეყნები მოიცვას. დაზღვეული არც ჩვენი სამშობლოა. ყველაზე მეტად აღმაშფოთებელია, რომ ეს ძალადობა, კაცის კვლა რელიგიის სახელით ხდება, რაც შეურაცხყოფს ჭეშმარიტი მუსლიმების რელიგიურ გრძნობებს. ალლაჰი დედამიწაზე ყველა ადამიანს სხვისი ცხოვრების ხელშეუხებლობისკენ, მშვიდობისკენ, თანაგრძნობისკენ და შერიგებისკენ მოგვიწოდებს. როგორც წმინდა წიგნში ყურანი-ქერიმში სურა მაიდეს 32-ე აიეთში ნაბრძანებია: “…ის ვინც მოკლავს კაცს, რომელსაც არც ვინმე მოუკლავს და არც ავი ჩაუდენია ქვეყანაზე, თითქოს ერთიანად ამოეხოცოს ხალხი. ხოლო თუ ვინმე აცოცხლებს კაცს, თითქოს მთელი ხალხი ეცოცხლებინოს.…”
კაცის კვლას, ძალადობას, ჩაგვრას, წამებას არაფერი საერთო არ აქვს ისლამთან, ისლამი მშვიდობის რელიგიაა და მშვიდობას ქადაგებს. ამის ნათელი მაგალითია საქართველოს მუსლიმები, რომლებიც სხვა კონფესიების წარმომადგენლებთან ერთად მშვიდობიანად ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე და საკუთარი წვლილი შეაქვთ საქართველოს განვითარებაში.
ტერორიზმს არ გააჩნია ეროვნება და რელიგია. ჩვენ, „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ სულიერი ლიდერები, საქართველოს მუსლიმების სახელით ვემიჯნებით და ვგმობთ რელიგიის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ძალადობას. ამის ჩამდენი პასუხს აგებს კანონისა და ღმერთის წინაშე.
როგორც საქართველოს მოქალაქეები, მივმართავთ ქვეყნის ხელისუფლებას და მოვუწოდებთ, მიიღოს ყველა ზომები ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
ამასთან ერთად, მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, გავერთიანდეთ ძალადობის წინააღმდეგ და არავის არ მივცეთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი ცხოვრების ხელყოფის უფლება", - წერია მუსლიმმთა სამმართველოს განცხადებაში.
0