მიქელანჯელოს პოეზიიდან მიქელანჯელოს პოეზიიდან />


  21:00:00     23-05-2011

მიქელანჯელოს პოეზიიდან

a6239.jpg

ამა წლის 5 მარტს, მიქელანჯელოს დაბადების დღის აღსანიშნავად (1475 წლის 6 მარტი) პრესა.გე-ს მკითხველს შევთავაზეთ წერილი გენიალურ შემოქმედზე.

 

დღეს ჩვენს ერთგულ მკითხველს გვინდა შევთავაზოთ დიდი შემოქმედის რამდენიმე ლექსი. წინა წერილში ვწერდი: "შეიძლება ითქვას, რომ ის მხატვრობაშიც მოქანდაკეა. მოქანდაკე, რომელიც სხეულებს და მოვლენებს ქმნის სხვა, რბილი მასალიდან და უტეხ, უძრავ, მარადიულ ქვად აქცევს. მისი ფერწერული პლასტიკა, ურთულესი მდგომარეობებისა და პოზების გადმოცემა. მან შეძლო იმ იდეების გადმოცემა, რაც მთელი ცხოვრება ატარა. ის არის ახალი ფერებისა და ფორმების გადმოცემის ნოვატორი." პოეზიაშიც შესანიშნავად გადმოსცემს, იმას, რისი თქმაც უნდოდა ქანდაკებით თუ მხატვრობით: " აი, რად ძალმიძს გამოვტაცო ჟამთა დინებას / ორივეს სახე საღებავით, ყალმით და ქვითა, / რომ უკვდავებას ვეზიაროთ ამგვარად ჩვენა".

 

უკვდავება, არის, ალბათ, დიდი შემოქმედის მთავარი მიზანი, შედეგი და მერე ღირსება. წინამდებარე ლექსებში კარგად ჩანს მიქელანჯელოს დამოკიდებულება უკვდავებისადმი, ხელოვნებისადმი, სიყვარულისადმი, უსამართლობისადმი და სხვა. მიქელანჯელოს პოეზიაც იმდენ სიბრძნეს წარმოაჩენს, ცოდნას, მეცნიერებას, გამოცდილებას, ადამიანურ თუ მისტიკურ სიბრძნეს, როგორც მისი სხვა დიდებული ნაწარმოებები. სიტყვებისგანაც ისე ოსტატურად აქანდაკებს ლექსებს, როგორც მარმარილოსაგან ქანდაკებას.

 

დღეს ვეზიაროთ მიქელანჯელოს რამდენიმე ლექსს, რომლებიც შესანიშნავად თარგმნა აკაკი გელოვანმა. მიქელანჯელოზე საუბარი სხვა დროსაც გვექნება.

 

 

მე, მიქელანჯელო, მოქანდაკე...

 

წელთა მრავალთა ჯაფისა და გარჯის შედეგად

აღწევს ბრძენკაცი, რომ შეასხას ხორცი ოცნებას

და გულმოდგინე ჩანაფიქრი იქცეს ქანდაკად,

ქვა პირველქმნილი სამარესთან აქციოს ძეგლად.

მკაცრი ქმნილების სიახლით და სიბრძნით ვიხარებთ

მაშინღა, ოდეს დაგვრჩენია ჟამი მცირედი.

გაუმაძღარი სრულყოფისკენ მისწრაფებული

ბუნება ძერწავს ნაბიჯ-ნაბიჯ ასე ქმნილებას

და შენი სახით მიაღწია ღვთაებრივ მწვერვალს.

 

* * *    

 

მხოლოდ სიკვდილით ვცოცხლობ, მაგრამ არ ვფარავ, არა,

ვერ ბედნიერი მძიმე ხვედრით ჭირსა და ლხინში;

ყმობით, სიკვდილით სიცოცხლისა ვისაც აქვს შიში,

შევიდეს ცეცხლში, რომელშიაც მე ვიწვი მარად!

 

დანტე ალიგიერი

 

სად შეგვიძლია საკადრისი ვუთხრათ დიდება,

ისე სულმნათობს სხივთამთოველ მნათობთა შორის.

ადვილ არს წყევლა მისთა მტერთა შხამის და შმორის,

ასვლა კი დანტეს სიმაღლეზე გაგვიჭირდება!

 

მზაკვართა დასჯა რომ იხილა, დიდების ღირსმან,

ჩვენდა სალხენად ისევ ნახა სამოთხე მყარი.

რაზომცა ღმერთმან იმ სამოთხის გაუღო კარი,

ისემც ის კარი ჩაუკეტა მამულმან მისმან.

 

უმადურობით მანვე ავნო საკუთარ თავსა:

ვაი, რა მრუდედ გამოჭედა პოეტის ბედი!

რჩეულთა ტანჯვა მარად უფრო მძიმე ყოფილა.

 

სამაგალითოდ ერთის თქმა სჯობს ათასის თქმასა:

დანტე განდევნეს - არ არსებობს სირცხვილი მეტი,

სამაგიეროდ მსგავსი მისა არსად შობილა!

 

ვიქტორია კოლონას

 

ნუთუ ასეა, დონა, მართლა, დანამდვილებით

(გამოცდილება თუმცა ამას ამტკიცებს ძველი)? -

ცივ მარმარილოს ქვიდან ქმნილი ეს სახე მწველი

გადაამეტებს თავის შემქმნელს განა დიდებით?

 

ასეა! უთმობს პირველობას მიზეზი შედეგს!

ასე რგებია ქანდაკებას დიადი ბედი:

ჩვენს არსებაზე ხელოვნების ხვედრია მეტი!

დრო ვერა სძლევს და ცოცხლობს ჩვენი სიკვდილის შემდეგ.

 

აი, რად ძალმიძს გამოვტაცო ჟამთა დინებას

ორივეს სახე საღებავით, ყალმით და ქვითა,

რომ უკვდავებას ვეზიაროთ ამგვარად ჩვენა;

 

საუკუნეთა მიღმა ხალხებს ეცოდინებათ,

რა ლამაზი ხარ, რარიგ ვცხოვრობ, წვით და დაგვითა,

რა ბრძენი ვარ, რომ შეგიყვარე, მშვენებავ, შენა!

 

* * *    

 

როგორც ხანდახან მარმარილოს ქვიდან

სხვა საფარველში აქანდაკებ საკუთარ სახეს,

ასე სიკვდილის კვალს ვატარებ საკუთარ თავში,

ხშირად მგონია, რომ ვარ სატრფოს სახედ ქცეული,

და რაც მე მომცა იმაზე ფიქრმა

ხორცსაც მას ვასხამ, მასთან მსგავსებით.

ჩემს საჭრეთლის ქვეშ

მას სისასტიკით

ცივ ქვას შეეძლო გატოლებოდა.

მე შემიძლია ამიერიდან

მისგან დამწვარმა სულ ვაქანდაკო

მართ ოდენ მარტო ტანჯვა-ურვა ჩემი სხეულის.

მაგრამ ის ქალი თუ ისურვებს, რომ საუკუნოდ

შთამომავლობას შეუნახოს მშვენება თვისი,

მომცეს შვება და - ნაცვლად მივცემ მარადისობას!

 

* * *

 

მხოლოდ მე ვიწვი, როცა მზეც კი მწველი ზაფხულის

ქვეყნიერებას სხივს არიდებს, ასვენებს, ჩადის, -

ყველა ისვენებს, ყველა ხარობს, ისრულებს წადილს.

და ტირის, ტირის სული ჩემი, მტვერში განრთხმული.

 

* * *

 

უზენაესი გენიაც კი ვერ შესძენს ვერას,

რასაც გვიფარავს მარმარილო და მარად ბრძენის,

ზეშთაგონებით ანთებული გონების ჩვენის,

მორჩილი ხელი გამოუჩენს ჩვენს თვალთა მზერას.

 

* * *

 

ვიცი - არ ვიცი: ველი სიკვდილს ღონემიხდილი,

ვხედავ: სიცოცხლე აჩქარდა და მოდის სიავე,

არ ემეტება თუმცა სხეულს სოფლის სიამე,

სულ ცოდვასავით ენატრება ვგონებ სიკვდილი.

 

ქვეყანა ბრმაა: გაკვეთილი გზას ვერ გვინათებს,

რომ ბოროტების დაითრგუნოს სუფევა ავი,

გაწყდა იმედი და ჩამოწვა წყვდიადი შავი,

სიცრუე მეფობს, დაუხრია თვალი სიმართლეს.

 

როსღა აგვინთო ნაპერწკალი, რაც ასე ღვივის

ერთგულთა გულში, უფალო, და დაგვიჯდა ჯაფად?

დამძიმდა სული ამ ლოდინში, დასუსტდა რწმენა;

 

აბა რად გვინდა შენი მხსნელი იმედის სხივი,

თუკი სიკვდილი სამუდამოდ და უფრო სწრაფად

მოგვიღებს ბოლოს ლაფში, სადაც მოგვისწრო ჩვენა?

0

ავტორი: