20:57:05     23-05-2011
შალვა კარმელის "ავტოპორტრეტი პროფილში"
პოეტებს, მუსიკოსებს და საერთოდ ხელოვანებს, ხშირად ტრაგიკული სვე დაებედებათ ხოლმე. ხელოვნების ისტორიაში ბევრია ისეთი შემოქმედი, რომელიც ძალიან ადრე გარდაიცვალა, ძალიან ახალგაზრდა, თუმცა მოასწრო და დიდებული მემკვიდრეობა დატოვა.
ასეთთა რიცხვს მიეკუთვნება შალვა კარმელი, რომლის ნამდვილი გვარია გოგიაშვილი. შალვა კერმელი ერთ-ერთი უნიჭიერესი პოეტი იყო XX საუკუნის დასაწყისში მცხოვრებ ქართველ პოეტებს შორის. ამასთან ერთად, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ბედის ადამიანიც გახლდათ.
შალვა კარმელი შესანიშნავი ლექსების ავტორია, თუმცა აღიარება მას არ ჰქონია, ისეთი, როგორიც ეკუთვნის, ჩემი აზრით. არც სიცოცხლეში და არც სიკვდილის მერე.
ჯერ ერთი იმიტომ, რომ ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა ტუბერკულიოზით, 1923 წელს. ჯერ 24 წლისა იყო მხოლოდ და თავისი ტალანტის სრულად გამოვლენა ვერ შეძლო, დრო არ ეყო და არც ენერგია, ბოლოს ძალიან ავად იყო; მერე მისი ლექსები დაიკარგა; რაც მთავარია, ის გალაკტიონის ეპოქაში ცხოვრობდა. გალაკტიონის გვერდით ხომ ბევრი ცოცხალი დაიჩრდილებოდა, აღარაფერს ვამბობთ გარდაცვლილზე; თავის ორდენშიც, "ცისფერყანწელებშიც" ყველაზე ახალგაზრდა გახლდათ, როცა სუფრაზე მისი მეგობრები ღვინით წარმოთქვამდნენ სადღეგრძელოებს თუ ლექსებს, ის, ჭლექით დაავადებული, მხოლოდ რძეს სვამდა; გარდა ამისა, კომუნისტებსაც არ უყვარდათ და მისი ერთადერთი გამოცემული და შენარჩუნებული წიგნის, "ბაბილონის" გამოცემა აღარ მოხერხდა 1970 წლამდე (მისმა ძმამ კუკურიმ გამოსცა); შალვა კარმელით დაინტერესებაც კრიტიკოსებს შორისაც ნაკლები იყო, მხოლოდ მისი მეგობრების, პოეტების, წერილები თუ გამონათქვამებია უგფრო მეტად აღსანიშნავი, ისიც ნაკლებად რეკლამირებული...
როცა უნივერსიტეტიში ვსწავლობდი, ამ უსამართლობის გამო, გადავწყვიტე საკურსო ნაშრომად შალვა კარმელის პოეზია ამერჩია (თუ არ ვცდები II კურსზე). ამით მინდოდა პატივი მეცა უდროოდ დაღუპული გენიოსისთვის (მე ასე ვთვლი). თუმცა, ის საკურსო მხოლოდ ჩემმა ხელმძღვანელმა, პროფესორმა ბეჟან ბარდაველიძემ (და რამდენიმე ჩემმა მეგობარმა) წაიკითხა. რამდენიმე წლის წინ, მისმა ძმისშვილმა, ნუგზარმა საკანდიდატო ნაშრომი დაწერა შალვა კარმელზე, რაც ძალიან კარგია. თუმცა ვფიქრობ, ესეც არ არის საკმარისი.
მადლობა ღმერთს, რომ დღეს შესაძლებელია პრესა.გე-ს მრავალრიცხოვან მკითხველთაგან ზოგს შევახსენო, ზოგს კი გავაცნო შესანიშნავი პოეტის, შალვა კარმელის რამდენიმე ლექსი (ერთი-ორგან გამოკრთის დიალექტი ("მივყობი", "ტრედი") თუმცა ამას შეცვლიდა რომ დასცლოდა).
მკითხველს ვთხოვ, დააკვირდეს როგორი დახვეწილი რითმაა მის ლექსებში, როგორი სიმბოლიზმი, შედარებები, რიტმი, მუსიკა... როგორ შესანიშნავად აქვს დანახული მასაც მთაწმინდა და რა კარგად არის 11 მარცვლიანი სტრიქონებით აწყობილი ლექსი ("მთაწმინდას"). როგორი გულწრფელი, ბავშვური, პოეტური, ლამაზი და მეტყველია მისი სახეები - "მას დაუძახეს "ლეილა" გზაში, შედგა, ღიმილი ნელა დაღვარა" ან "ასე ვარსკვლავნიც არ კრთიან ცაზე, - სასწაულია შენი თვალები" და სხვა. ტრაგიზმის როგორი განცდა ჩანს მის ლექსებში...
შალვა კერმელის პოეზიაზე მერეც გვექნება საუბარი.
ავტოპორტრეტი პროფილში
დავკარგე გვარი, შევამცირე მისი გაისი;
და ცრუ სახელად ავირჩია კარმელი ძვირი.
აჰ, ალბათ, ვინმეს ვეგონები უდაბნოს მწირი.
სხვა უდაბნოა საქართველო და ქუთაისი.
მისდევს ლეილას ჰაშიშებით გიჟი ყაისი,
მაგრამ ინფანტას ბრმა თვალებზე მე უფრო ვტირი.
გადიფრენს ქარი მკვდარ ქვეყნებზე ლანდებით ხშირით.
ჩემთან ლოცვებში მწირ მოლოზნად მოვა თაისი.
მეფისტოფელის წამოსასხამს ვშლი ცეპელინად,
რომ გავადევნო პოეზიას ყველა მიზნები.
მე, მას, კარმელი, ვით მონასტერს შევეხიზნები.
ვტრიალებ დამწვარ არაბეთში მზიურ ელინად.
ვიცი: უთუოდ საამაყო მაქვს რეფლექსებში:
მდიდარი რითმა რომ გავმართე ქართულ ლექსებში!
კარმელის გზაზე
ნურვინ მეკარებით, ნურვინ მიმედებით,
არ მსურს ქალაქები მსდევდეს ბაიბურად.
გავალ უდაბნოში დაჭრილ იმედებით,
სადაც ლაჟვარდები მტვერით დაიბურა.
ჩემი მოსასხამი მძლავრი ფრთიანია
და ჩემს გადაფრენას ქარი მიანება.
მაგრამ ღამეებში ფრენა გვიანია -
ასე საშიშია გადაგვიანება.
მივქრი დავიწყებით, გული გავაცივე,
ღმერთებს მომაგონებს ზარი ნაშაბათი.
ყველა შევიძულე, ყველა გავაძევე.
დამრჩა სანბენიტო, მთვარის ეშაფოტი.
მაგრამ სიკვდილის წინ თავის ტრფიალებით
ისეთს დავიკივლებ ხმათა მომეტებით, -
რომ ეს დედამიწა გადატრიალებით -
ცეცხლის ბრილიანტად გასკდეს კომეტებით!..
მთაწმინდას
მიყვარს, მიყვარს ბუნდოვანი მთაწმინდა, -
რამაც ფიქრი არეული დაწმინდა,
მიყვარს ამ მთის მყუდრო იდუმალობა,
მწუხრის ჟამზე იქ მგოსნების გალობა!
მიყვარს კალთა დაფნის გვირგვინოსანი, -
სადაც ღამით რონინებდა მგოსანი;
სადაც კვნესდა "ქართლის ბედზე" ყრმა შვილი
საყვარელი ჩემი ბარათაშვილი!
ეჰ, მთაწმინდავ - განწირულთა სადგურო
ოდეს დღენი ქვეყნად გავინადგურო,
გევედრები კარმელს ნუღარ წამწყმიდავ, -
შენს წიაღში ჩამიკონე მთაწმინდავ!..
შენი თვალები
შენი თვალები ოკეანეა,
შემოისრული წარბ-წამწამებით,
ის სანეტარო ფიქრთ სავანეა -
ჯოჯოხეთია თვისი წამებით!
ასე ვარსკვლავნიც არ კრთიან ცაზე, -
სასწაულია შენი თვალები,
და მითხარ, ჩემო: მაგ შავბნელ ზღვაზე
რომ დავიღუპო, არ გებრალები?
მთვრალი თვალები
თვალები, შენი მთვრალი თვალები, -
მზის მაყვალები მწვავედ ბნელია!
ულმობელია ვით მტარვალები,
მრუშად მთვრალები როცა მელიან.
ო, ცბიერ ტანის აკანკალებით,
მკერდის კვალებით გადამარბია.
შუბათ წარბია და ცხელ რკალებითY
ყრუ გრიგალები სულში გარბიან.
ვიცნობ შეხვედრას აშლილ ხმალებთან
და ტრამალებთან სანგრებში წოლას;
მაგრამ ეს ბრძოლა საშიშ თვალებთან, -
დამავალებდა უცნაურ ძრწოლას.
ვერ დავემალე შენს თვალებს ღიას.
დავახლი ტყვიას მაცდურ ჩვენებას.
ველთა შვენებას მივყობი ტყიანს: -
დავეძებ გვიანს მე განსვენებას!
მაგრამ წავიდა ყველა დარები,
არც საყდარები, არც ქროლა ტრედის.
ულმობელ ბედის ქრიან ქარები,
იანვარები ჩემს სულში შედის!
და ჩნდება სარკე გაბრწყინვალებით:
შენი თვალები, მე სადაც მწვავდა
ეშაფოტს ჰგავდა ნამტრი ალებით
და ტრფიალებით თანდათან მკლავდა!
ეს როდის იყო
ეს როდის იყო, ნეტავი როდის?
მგინი, ვიყავი ათი წლის ბავშვი,
როცა ტრფიალი პირველად მოდის
და ცნაურდება ქვეყანა თავში.
ის ლურჯი კაბით გამოდიოდა,
როგორც ეთერში ახალი მთვარე,
იმის თვალებში თითქოს ღვიოდა
არაბთა ცეცხლი, უდაბნო მხარე.
მას დაუძახეს "ლეილა" გზაში,
შედგა, ღიმილი ნელა დაღვარა,
დღეს აღარ მახსოვს, ადრიან წვაში -
მე - ბავშვს - ის ბავშვი ვინ შემაყვარა!
ღამით ამკობდა ცრემლების მძივი,
ნეტავ, დად მყავდეს, ანდა დობილად,
არ იქნებოდა ესოდენ მძიმე,
ჩვენი შეხვედრა თვალგანდობილად.
ეს როდის იყო, ნეტავი როდის?!
ათი წლის ბავშვი მე თუ ვიყავი,
მას აქეთ ჩემთან ქალწული მოდის -
ჩემი დამხრჩობი და გამრიყავი!
0