13:17:44     14-12-2017
"შეუძლებელია კარგი კონსტიტუცია ეწოდოს კონსტიტუციას, რომელიც იცვლება მიღებიდან ერთ თვეში"

"შეუძლებელია კარგი კონსტიტუცია ეწოდოს კონსტიტუციას, რომელიც იცვლება მიღებიდან ერთ თვეში. ამ კონსტიტუციის მიმართ პრეტენზია აქვს აბსოლუტურად ყველას, ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საზოგადოებას. - ამის შესახებ ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც მიიჩნევს, რომ უმრავლესობამ მოატყუა თავის ამომრჩეველი, როდესაც ერთს ეუბნებოდა და მეორე კონსტიტუცია მიიღო.
პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს კონსტიტუციურ კანონპროექტზე კენჭისყრით განახლდება.
კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შესატან ცვლილებებს პირველი და მეორე მოსმენით პარლამენტი საშემოდგომო სესიის დასრულებამდე მიიღებს, ხოლო მესამე მოსმენით საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცებს.
კონსტიტუციური კანონის პროექტი შემდეგ ძირითად ცვლილებებს ითვალისწინებს: კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ე.წ. ბონუსის სისტემის ამოღება ხდება. ახალი ვერსიის თანახმად, გაუნაწილებელ საპარლამენტო მანდატებს თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ.
მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, საარჩევნო ბლოკებსაც ექნება. იცვლება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებასთან დაკავშირებული 16-ე მუხლი, საიდანაც სიტყვების: – ”სახელმწიფო უსაფრთხოება”, ”დანაშაულის თავიდან აცილება“ და ”მართლმსაჯულების განხორციელება“ ამოღება ხდება.
0