12:40:40     13-12-2017
„ეს ბიუჯეტი არ ემსახურება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და არც სიღარიბის შემცირებას“

მთავრობამ დღეს დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტის მთავარი პარამეტრები უნდა წარუდგინოს. მთავრობის ეკონომიკური გუნდი უკვე პარლამენტშია, თუმცა სხდომა ჯერჯერობით არ დაწყებულა. 2018 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები ჯანდაცვა, განათლება და ინფრასტრუქტურაა.
სახელმწიფო ბიუჯეტის მესამედი ჯანდაცვის პროგრამებზე დაიხარჯება, შემდეგია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და განათლება. ბიუჯეტი მშპ-სთან მიმართებაში 4,5% ზრდაზეა გათვლილი, დეფიციტი კი 3%-ა.
ოპოზიცია საბიუჯეტო თანხების გადანაწილების პრიორიტეტებით უკმაყოფილოა. ამ დრომდე უცნობია, როდის და როგორ აისახება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე სამინისტროების ოპტიმიზაცია, რადგან ეს ხარჯთაღრიცხვა მომავალი წლის ბიუჯეტში, ჩადებული არ არის.
„მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი გაიზარდა 1 მილიარდზე მეტი მოცულობით, ამას დამატებული კიდევ სხვა ხარჯები, ჩაწერეს 2017-ში, სინამდვილეში კი იხარჯება 2018-ში და თითქმის მილიონნახევრიანი ზრდა არის, ეს ბიუჯეტი არ ემსახურება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და არც სიღარიბის შემცირებას. მასში არის უამრავი უსარგებლო, ფუჭი ხარჯები, გაბერილი ბიუროკრატია. გარდა ამისა, ბიუჯეტი არის დაუბალანსებელი, უზარმაზარი შიდა და საგარეო ვალით ხდება მრავალი ხარჯის დაფინანსება,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებით, მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არ პასუხობს არცერთ გამოწვევას, რომელიც დღეს ქვეყნის წინაშე დგას. სწორედ ამიტომ, პარტია ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის ალტერნატიულ ვარიანტს წარადგენს.
„როგორ შეიძლება მოხდეს ისე, რომ ამ საყოველთაო გაჭირვებაში ხარჯები ისე გადანაწილდეს, რომ მცირე ბიზნესისთვის მოხდეს მნიშვნელოვანი გადასახადების დაწევა და დაეხმაროს ეს მცირე ბიზნესს და ამავდროულად დანაზოგი, რაც ბიუროკრატიულ ხარჯს უნდა მოაკლდეს, მიემართოს სოციალური მიმართულებით, იმისთვის, რომ გაიზარდოს პენსია, დევნილების შემწეობა და შშმ პირთა დახმარება,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
„ევროპული საქართველოს“ ინიციატივას და ბიუჯეტის ალტერნატიულ პროექტს გამოეხმაურა მმართველი გუნდი. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ამბობს, რომ ბიუჯეტში სოციალური ხარჯები შესაძლებლობებიდან გამომდინარე მაქსიმუმი ჩაიდო.
0