ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინის ვიცე-პრემიერ ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინის ვიცე-პრემიერ ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან />


  20:57:05     12-12-2017

ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინის ვიცე-პრემიერ ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან

a74346.jpg

"უნდა ვილაპარაკოთ კონკრეტული პოლიტიკოსის კონკრეტულ ქცევაზე, რომლის პასუხისგებაში მიცემას ჯერ ვერ ვახერხებთ. იმედი მაქვს, რომ უკრაინა თავისი მოქმედებებით, სამართალდამცავი ორგანოების მეშვეობით მოახერხებს სამართლის უზენაეს  წესებთან და პროცედურებთან მაქსიმალური და უპირობო შესაბამისობის გამოვლენას", - აცხადებს უკრაინის ვიცე პრემიერი ივანკა კლიმპუშ-ცინცაძე. 

presa.ge: როგორ აფასებთ საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის შედეგებს, რომელიც ბოლო წლის განმავლობაში ორმხრივი ვიზიტების პერმანენტულობით გამოირჩეოდა? 

ივანკა კლიმპუშ-ცინცაძე: წლის განმავლობაში, ორმხრივი ვიზიტების აქტივობა ძალიან მაღალი იყო. უახლეს მომავალში ველოდებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს კიევში, მომავალ წლის დასაწყისში კი, დაგეგმილია პარლამენტების სპიკერების ორმხრივი ვიზიტები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგი მაღალ დონეზე ავიყვანოთ.

- რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის იყოს საქართველოსა და მოლდოვას გვერდით ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. უკრაინა ხომ არ ხედავს ევროკავშირში გაწევრიანების საკუთარ გზას? 

- ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ყველაზე ღრმა თანამშრომლობა ორმხრივი დიალოგით გამოიხატება.

 ასოცირების შეთანხმებაზე უკრაინამ ევროკავშირთან პირველმა დაიწყო მოლაპარაკება, თუმცა საქართველომ და მოლდოვამ, რომლებმაც ჩვენს შემდეგ დაიწყეს ეს პროცესი, ჩვენზე ადრე მოახერხეს მისი ხელმოწერა და რატიფიცირება. უკრაინასთან ასოცირების შეთანხმებას ანალოგი არა აქვს, რადგან ის უფრო ფართო, სტრუქტურულად რთული და ღრმაა, ქვეყნის მასშტაბისა და ეკონომიკური სტრუქტურის გათვალისწინებით. 

იმის გამო, რომ სამივე ქვეყანამ გამოაცხადა ევროინტეგრაცია შიდა და საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად, სამივე ქვეყანა ვასრულებდით სავიზო ლიბერალიზაციის გეგმას, ყველამ მივიღეთ უვიზო მიმოსვლა და დღესაც ვმუშაობთ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მიმართულებით. იმის გამო, რომ უკრაინა-საქართველო-მოლდოვას გვაქვს ბევრი საერთო მიზანი და ინტერესი, ერთი და იგივე ქვეყნის აგრესიას განვიცდით. 

ყველაფერი ერთობლივი კოორდინირებული მოქმედების წინაპირობას ქმნის. სწორედ ეს საერთო ხედვა იქნა გამოხატული იმ დეკლარაციაში, რომელიც მიღებული იქნა ბრიუსელში, 24 ნოემბერს.

- 2008 წელს ნატოს დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები. იანუკოვიჩის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უკრაინამ ფაქტობრივად უარი თქვა ამ არჩევანზე. თქვენი ხელისუფლება უკვე დაუბრუნდა ნატოსკენ მიმავალ გზას, თუ ჯერ დაბრუნების პროცესში იმყოფება?

- მოხარული ვარ, რომ უმაღლესმა რადამ ივნისის თვეში, როგორც იქნა, მიიღო ცვლილებები  უკრაინის შიდა და საგარეო პოლიტიკის საფუძვლების შესახებ კანონში, რითაც დავუბრუნდით 2003 წლის მდგომარეობას და სტრატეგიულ მიზნად ნატოში ინტეგრაცია დავისახეთ. 

2008 წელს ნატოს წვერმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, მაგრამ ჯერჯერობით, როგორც ვხედავთ, მათი მხრიდან ამ განცხადების შესრულების ვადა არ გამოუხატავთ. 

ჩვენ გვესმის რომ, ბევრი უნდა ვიმუშაოთ ნატოს წევრ ქვეყნებთან, რათა მათ პოზიცია შევაცვლევინოთ, ასევე უნდა მოვაწესრიგოთ ქვეყნის შიდა საკითხები. ამასობაში, საქართველო ამ მიმართულებით წინ წავიდა და ჩვენგან განსხვავებით წლები არ დაკარგა, ვიდრე ჩვენ ვერ ვარკვევდით საგარეო პოლიტიკურ ვექტორს, ამ დროს რეფორმებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით  საქართველო უფრო სწრაფად მოძრაობდა. 

ჩვენ მხოლოდ შარშან მოვახერხეთ ჩვენო ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების კომპლექსური ანალიზი, შევიმუშავეთ სტრატეგიული თავდაცვითი ბიულეტენი 2020 წლამდე ვადით, რათა ყველა საკითხი ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ. საშინაო დავალება ჩვენ საქართველოზე მეტი გვაქვს, ვიზიარებთ და ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს გამოცდილებას.

- ბოლო პერიოდში კიევში განვითარებული არაორდინალური მოვლენები ხომ არ იმოქმედებს უკრაინის მიმართ სხვა ქვეყნების დამოკიდებულებაზე?

- უნდა ვილაპარაკოთ კონკრეტული პოლიტიკოსის კონკრეტულ ქცევაზე, რომლის პასუხისგებაში მიცემას ჯერ ვერ ვახერხებთ. იმედი მაქვს, რომ უკრაინა თავისი მოქმედებებით, სამართალდამცავი ორგანოების მეშვეობით მოახერხებს სამართლის უზენაეს  წესებთან და პროცედურებთან მაქსიმალური და უპირობო შესაბამისობის გამოვლენას. 

ვიცით, რომ ძალიან ბევრი მსურველი გვყავს, რომლებიც ცდილობენ, უკრაინაში არსებული ვითარება ქვეყნისთვის არასასურველი მხრიდან წარმოაჩინონ, რაც ცალსახად ჩვენს წისქვილზე წყალს არ ასხამს. ხალხი დაიღალა ამდენი მღელვარებით, ომებით, ეკონომიკური პრობლემებით. 

ჩვენ გვინდა, რომ დროულად დასრულდეს შარშან დაწყებული სასამართლო რეფორმა, განხორციელდეს ცვლილებები კონსტიტუციაში, მუშაობა დაიწყოს ახალმა უზენაესმა სასამართლომ და ამოქმედდეს ყველა ის ანტიკორუფციული ორგანო, რომელიც ჩვენ შევქმენით ბოლო პერიოდში. ყველა დამნაშავის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას განაჩენი. არსებული ვითარება საზოგადოების სიმშვიდეს ხელს არ უწყობს და იმედი მაქვს, ყველა ჩვენგანს გვეყოფა საიმისო გონიერება, რომ უკრაინის საერთაშორისო იმიჯი არ შეილახოს.

- ამბობენ, რომ დონალდ ტრამპის აშშ-ს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ამერიკის დამოკიდებულება უკრაინის მიმართ შეიცვალა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს ასეთ მოსაზრებას საფუძველი?

- რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყების შემდეგ, უკრაინას ჰქონდა აბსოლუტური მხარდაჭერა აშშ-ს კონგრესის ორივე პალატის მხრიდან ნებისმიერ საკითხზე. ამერიკელი კონგრესმენები ხუმრობდნენ კიდეც, რომ შეიძლება სხვა საკითხზე ვერ შევთანხმდეთ, მაგრამ უკრაინის მხარდაჭერის საკითხში ერთიანები ვიქნებითო. 

ექსპერტები და პოლიტიკოსები გამოხატავდნენ შეშფოთებას, თუ როგორი იქნებოდა ახალი რესპუბლიკური ადმინისტრაციის პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებაში. ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ-ს პოლიტიკამ მკაფიო კონტურები შესძინა, როგორც  ეკონომიკური ურთიერთობებს (ამ კუთხით უკრაინამ დონბასის ოკუპაციის პირობებში აშშ-დან ნახშირის იმპორტი დაიწყო და ეს აშშ-სთვისაც საინტერესოა), ისე ატომურ ენერგეტიკაში ურთიერთობის თვალსაზრისით. 

ვითარდება სამხედრო პოლიტიკური და თავდაცვითი თანამშრომლობაც. ჩვენ ასევე ძალიან ვაფასებთ აშშ-ს ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ საერთაშორისო სამართლის დარღვევის გამო. ასევე დასაფასებელია აშშ-ს მკაფიო პოზიცია რუსეთის მიმართ სანქციების საკითხში, რომელიც სწორედ აშშ-ს ძალისხმევით გაძლიერდა.

0

ავტორი: