14:20:50     12-12-2017
ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს

საპარლამენტო ოპოზიცია არ აპირებს მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელსაც პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს პირველი მოსმენით განიხილავს.
„აბსურდია, თავად ხელისუფლების მხრიდან ხდებოდეს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მას შემდეგ, რაც მოხდა ძირეული ცვლილებების განხორციელება კონსტიტუციაში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ისინი მოქმედებენ ძალიან გაუაზრებლად და წინასწარ არ თვლიან, ქვეყნის უმთავრესი დოკუმენტი როგორ გახადონ ისეთი, რომ მან ელემენტარულად, დროს, კრიტიკას გაუძლოს,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.
საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ მმართველ გუნდზე მორგებულია და მასში ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის შენიშვნები გათვალისწინებული არ არის.
„ფუნდამენტური საკითხები გადაუწყვეტელია, მითუმეტეს, როდესაც პრეზიდენტის არჩევნებზეა საუბარი, ხან საუბარია კოსმეტიკურად ცვლილებაზე, ეს იყოს ხმოსნების ან კოლეგიის მიერ, ახლა ითქვა, რომ მხოლოდ პარლამენტის წევრები აირჩევენ, თითქოს, ახლა ესეც იცვლება. ამიტომ, ეს არათანმიმდევრულობა ამ პროცესს დადებითად არ წაადგება,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა.
მმართველ გუნდში ოპოზიციის ბრალდებებს არ იზიარებენ.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარეობს.
„იმ ცვლილებებს, რომლებიც დღეს განიხილება, დიდი დისკუსია აქვს გამოვლილი, შესაბამისად, განსაკუთრებული დებატების გარეშე იქნება მიღებული,“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.
საკონსტიტუციო ცვლილება გულისხმობს პრეზიდენტის არჩევის მუხლში ტერმინოლოგიურ ცვლილებებს - ხმოსნების ნაცვლად, კონსტიტუციაში ჩნდება იმავე წესით დეპუტატებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული კოლეგია.
საუბარია საკონსტიტუციო რეფორმით შემოღებული ბონუსების სისტემის გაუქმებაზე, საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად, 2020 წლისთვის შენარჩუნებაზე, შესწორებებზე აღმსარებლობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მუხლებში.
0