12:32:42     12-12-2017
ბურჭულაძის საქმე - გადაყვება თუ არა, გამოძიებას გურამ ახალაია?

პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანადან“ დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
პროკურატურაშია დაბარებული მომღერალიც, თუმცა, ბურჭულაძე აცხადებს რომ მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით მისცემს ჩვენებას.
ბრალდების ვერსიით, პაატა ბურჭულაძე საქველმოქმედო ფონდში შესულ თანხებს პირადი მიზნებისათვის იყენებდა. გამოძიება ირწმუნება რომ მან მილიონობით თანხა მიითვისა.
თავად მომღერალი ბრალდებას უარყოფს და პროკურატურის განცხადებებს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს. მისი გარემოცვა აცხადებს რომ „ხელისუფლებამ ბურჭულაძეს პოლიტიკაში ჩართულობა არ აპატია“.
მიუხედავად ამისა, გამოძიება გრძელდება და შესაძლოა, ამჯერად, პროკურატურაში დაკითხვაზე ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი, კახა თარგამაძის ყოფილი კადრი, გურამ ახალაია გამოიძახონ.
[I=2]ბატონი ახალაია, თარგამაძის შს მინისტრობის დროს საპასპორტო სამსახურის უფროსად მუშაობდა. იმ დროინდელ საქართველოში კი, საზღვარგარეთის პასპორტის გასაკეთებლად „ჯიბეზე ხელის გაკვრა“ გჭირდებოდათ. თანხის ოდენობას თავად საპასპორტო სამსახურის წარმომადგენლები ადგენდნენ.
რაც შეეხება ბატონ ახალაიას, ის ძირითადად უნიკალური და მცირე მოცულობის წიგნების, გამოცემების შეგროვებით იყო დაკავებული და როგორც ამბობენ, მას, ამ მხრივ, ნამდვილად გაუმართლა - განსაკუთრებულ კოლექციას ფლობს.
კახა თარგამაძის ყოფილი კადრის განცხადებით, „არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ბრალდებას დაადასტურებს“.
თუმცა, ასე არ ფიქრობენ პროკურატურაში, სადაც ირწმუნებიან რომ „საქმეს ბოლომდე მიიყვანენ და ყველა მკაცრად აგებს პასუხს“.
0