17:17:42     11-12-2017
რატომ აგვიანებს ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის პროექტის განხილვა პარლამენტში?

პარლამენტის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებაში“ აზრთა სხვადასხვაობაა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს დამატებითი არგუმენტების მოსმენა სჭირდება.
„მე შემიძლია დავადასტურო, რომ აზრთა სხვადასხვაობა არის „ქართულ ოცნებაში“, არის განსხვავებული მოსაზრებები, ჩვენ გვჭირდება დამატებითი არგუმენტები როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. ჩვენ გვჭირდება არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, რაღაცის ლიბერალიზაცია არ გამოიწვევს მოხმარების გაზრდას, პირიქით, საპირისპირო არგუმენტები გვჭირდება. ასეთი სიღრმისეული განხილვის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ორივე მხარეს არის არგუმენტები. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ყველას და ამის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. მეც მჭირდება არგუმენტები, ჯერჯერობით არ მომისმენია სიღრმისეული არგუმენტები არც ერთი და არც მეორე მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე პროცესში ჩართულ ყველა სუბიექტს სიღრმისეული ანალიზის წარდგენისკენ მოუწოდებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნული პარლამენტს გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს.
„მოვუწოდებ ყველა სუბიექტს, რომელიც არის ჩართული ამ პროცესში, მათ შორის, შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ შესაბამისი ანალიზი წარმოადგინონ, წარმოადგინონ სიღრმისეული ანალიზი და ამის საფუძველზე გაუადვილონ საპარლამენტო სპექტრს გადაწყვეტილების მიღება ნარკოტიკებთან დაკავშირებით. პლატფორმა იქნება საპარლამენტო, პროცესი შესაბამისი პროცედურებით წარიმართება. იქნება საკომიტეტო განხილვები, იქნება პლენარულ სხდომებზე განხილვები, ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ განხილვებში და წარმოადგინონ საკუთარი არგუმენტები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საპარლამენტო ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაცისთან დაკავშირებით, ცვლილებები დროულად უნდა განხორციელდეს, თუმცა საჭიროა სისტემური ცვლილებები და არა მხოლოდ ქაღალდზე დაფიქსირებული გადაწყვეტილებების მიღება.
„ის, რომ ნარკოპოლიტიკის სფეროში ცვლილებები დროულად არის მისაღები, ეს არის სიმართლე. სხვების შეფასებებში ვერ ჩავერევი, თუმცა ვთხოვდი, რომ თუნდაც იმ დეპუტატების მიმართ, ვისაც განსხვავებული მოსაზრება აქვთ, ასეთი ფორმით კრიტიკისადმი იყვნენ ტოლერანტულები. მე 10 წელიწადია ვამბობ და ვიყავი პირველი, ვინც კანონპროექტი შეიტანა პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით. მთელი ეს წლებია, მიწევს მტკიცება, რომ საჭიროა ცვლილებები, რომელიც უფრო ჰუმანური და ადეკვატური იქნება. ვფიქრობ, უფრო სისტემური ცვლილებაა საჭირო და არა რაღაც გადაწყვეტილებები, რომელიც ქაღალდზე დაფიქსირდება. გვჭირდება განსხვავებული მიდგომები, თუმცა არაა საუბარი იმაზე, რომ ნარკოტიკები თავისუფლად უნდა იყოს, არამედ საუბარია იმაზე, რომ ნარკოტიკის მომხმარებლების მიმართ უნდა იყოს არა რეპრესიული მეთოდები, არამედ სხვა დამოკიდებულება"- განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელმა.
ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისთვის მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციის, “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტის, ბექა წიქარიშვილის განცხადებით, თუ პარლამენტი ახალ წლამდე ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას მხარს არ დაუჭერს, ახალი წლის საზეიმო განწყობა წინააღმდეგობის დღეებით შეიცვლება, ხოლო დეკრიმინალიზაციის მოწინააღმდეგე პარლამენტარები ფაშისტებად და ხალხის მტრებად შეირაცხებიან.
„მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში „თეთრი ხმაურის მოძრაობა” გაემიჯნება პროცესს და ალტერნატიული ბრძოლის მეთოდებს მიმართავს. ახალი წლის საზეიმო განწყობა წინააღმდეგეობის დღეებით შეიცვლება.
მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გაიაზრონ დაპირებული ცვლილება და წერტილი დაუსვან ნულოვანი ტოლეტანტობის პოლიტიკას მომხმარებლებთან და ადამიანებთან მიმართებაში.
ჩვენი აზრით, ის პარლამენტარები, რომლებიც დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ ქვეყნის საპარლამენტო (და არამარტო) ისტორიაში შევლენ როგორც პროგრესულები, ჰუმანური ღირებულებების მატარებლები, მოქალაქეების კეთილდღეობაზე პასუხისმგებელ ადამიანებად.
პარლამენტის ის წევრები, რომლებიც კანონპროექტის წინააღმდეგ წავლენ ფაშისტებად, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ქომაგებად, ხალხის მტრებად შეირაცხებიან. კენჭისყრის მონაცამები საჯაროა, სწორედ საჯაროდ, თბილისისა და მთელი საქართველოს მასშტაბით მათი სახეებით და საკადრისი შეფასებებით აივსება.
პარლამენტარები, რომლებიც სესიაზე არ მივლენ და საკუთარ პოზიციას არ დააფიქსირებენ იმ პარლამენტარებზე უარეს პირებად ჩაითვლებიან, რომლებიც ხმას წინააღმდეგ მისცემენ. მათ იგივე ბედი ელის რაც მოწინააღმდეგეებს.
მხოლოდ ორი არჩევანი, მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება, ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის, ხალხთან ომი დასრულდეს,” – განაცხადა წიქარიშვილმა.
0