13:38:06     07-12-2017
პრემიერი იერუსალიმის საკითხზე: ეს არის ძალიან სენსიტიური თემა და ჩვენ გვექნება მსჯელობა

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების ფაქტს გამოეხმაურა. „ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი და მასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მსჯელობა. საქართველო დააფიქსირებს პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო კონიუქტურის და იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს რეგიონში“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მხრიდან საჯარო მიმართვა ასეთ სენსიტიურ საკითხზე მიუღებელია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდებს, საქართველომ აშშ–ს მსგავად, ისრაელის დედაქალაქად აღიაროს იერუსალიმი.
6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. ამასთან დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს.
იერუსალიმს გაეროსგან გაყოფილი ერთეულის, Corpus Separatum-ის სტატუსი აქვს მინიჭებული. ქალაქს, როგორც ისრაელი, ასევე პალესტინა საკუთარ დედაქალაქად განიხილავს. ანალიტიკოსები წლებია შიშობენ, რომ აშშ-ის მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება რეგიონში კონფლიქტის გამწვავებას გამოიწვევს.
0