09:08:12     06-12-2017
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რადასთან, კარვების ქალაქზე შტურმი დაიწყო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რადასთან, კარვების ქალაქზე შტურმი დაიწყო.
რადას შენობასთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, სპეცრაზმი გამოჩნდა. სამართალდამცველები დემონსტრაციის დაშლას ცდილობენ.
სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და სავარაუდოდ, რეზინის ტყვიები გამოიყენეს. მოხდა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაკავებულები და დაშავებულებიც.
სამართალდამცველებმა კარვების ქალაქის დაშლა სცადეს. სპეცრაზმელების იერიშის მოგერიება აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე შეძლეს. ისმის სროლის ხმა. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებისგან გამყოფი ბარიკადები საბურავებისგან ააგეს.
მთელი ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი. "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერმა მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
სააკაშვილი ამბობს, რომ თავდასხმებით უკრაინის ხელისუფლება აქციის მონაწილეთა ნებისყოფას ამოწმებს.
„ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდად, წყნარად. ხალხი მობილიზებულია, ახლა შეამოწმეს ხალხის მობილიზაცია, კიდევ მთელი კიევი მოვარდება რამდენიმე ათასი კაცი. ისინი ამოწმებენ ხალხს, ხალხი ამოწმებს თავის თავს. მაგრები არიან, მობილიზაციას აკეთებენ სწრაფად,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მედიის ინფორმაციით, შტურმის მიზანი მიხეილ სააკაშვილის დაკავებაა. რადასთან სპეცდანიშნულების რაზმსა და შეკრებილებს შორის ამ წუთებში დაპირისპირებაა.
სააკაშვილის მხარდამჭერები მოსახლეობას რადასთან მისვლისკენ მოუწოდებენ.
0