13:06:47     05-12-2017
მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე: მრცხვენია, რომ ეს ადამიანი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო

„რა ინფორმაციებსაც ვისმენთ, მრცხვენია, რომ ეს ადამიანი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. სააკაშვილი ყველანაირ ავანტიურას მიმართავს, რათა ისევ აქტუალური გახდეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაკავების წინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
„მისი მხრიდან ეს საქართველოში აღარ მოხდება და იმედია, უკრაინელები მალე გაიცნობენ. მართალია, ჩვენ უფრო დიდი ხანი ველოდით ამას, მაგრამ მაინც. რაც შეეხება სამართლებრივ პროცედურას, როგორც ჩემთვის ცნობილია, სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა რამდენჯერმე არის გადაგზავნილი. საბოლოო ჯამში, შედეგი დამოკიდებული იქნება უკრაინულ მხარეზე. საქართველოს მოქალაქემ თავის დროზე დანაშაულები ჩაიდინა, რაზეც შესაბამისი განაჩენია დამდგარია. სააკაშვილი ვერ შეძლებს, რომ საქართველოში აქტუალური გახდეს. აქედან გამომდინარე, ის საქართველოში იქნება თუ არა პატიმარი, ამით პოლიტიკური ლანდშაფტი არ შეიცვლება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღეს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ ბინიდან სპეცრაზმმა გაიყვანა და მანქანაში ჩასვეს. მომხრეები მანქანას გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კიევში, სახლის სახურავზე იყო. უკრაინაში, საქართველოს ექსპრეზიდენტის სახლთან სპეცრაზმი გამოჩნდა და ამ დრომდე რჩება.
ადგილზე იმყოფებიან სააკაშვილის მხარდამჭერებიც. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სააკაშვილის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა.
0