15:59:15     04-12-2017
"ლარის კურსთან დაკავშირებით, აბსოლუტურად შეუძლებელია რაიმე პროგნოზის გაკეთება"

„ლარიზაცია არ ნიშნავს ლარის კურსის სტაბილურობას“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ლარიზაცია ეს არის გრძელვადიანი პროგრამა და არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ლარის კურსის სტაბილურობას.
„არ ვფიქრობ, რომ ასეთი რამ ოდესმე თქმულა. ლარიზაცია არ ნიშნავს ლარის სტაბილურობას, ეს არის ლარის გაცვლით კურსზე დამოკიდებულების შემცირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკაში უნდა გაიზარდოს წვდომა ლარის რესურსზე და რაც უფრო მეტი წვდომა იქნება ლარის რესურსზე, მით უფრო მეტი სესხი იქნება ლარში“, - განმარტა სებ-ის პრეზიდენტმა და საერთაშორისო მაგალითები მოიყვანა.
კობა გვენეტაძის განცხადებით, ყველა ქვეყანაში აღნიშნულ პროგრამას სხვადასხვა დროს მოყვა შედეგი, გრძელვადიან პერსპექტივაში.
„პრესა.ჯი“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს ესაუბრა:
-იქნებ, საზოგადოებისთვის გასაგებად დააკონკრეტოთ, რა არის ლარის გაუფასურების მიზეზები და როდის შეიძლება ველოდოთ მდგომარეობის მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებას?
-დღევანდელი სხდომა იყო ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით და დასმული იყო სხვა შეკითხვებიც. იყო შეკითხვა ლარის კურსთან დაკავშირებით. მცურავი გაცვლითი კურსის შემთხვევაში, ლარის კურსთან დაკავშირებით, აბსოლუტურად შეუძლებელია რაიმე პროგნოზის გაკეთება. ამის გარდა, მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორები, მაგრამ არის ფაქტორები, რომელთა შესახებ ინფორმაცია დღეს შეიძლება არ გვქონდეს. ყველაზე კარგი მაჩვენებელი და გზამკვლევი არის საგადამხდელო ბალანსი, რომელიც კვარტალში ერთხელ გამოდის და როცა გვექნება ეს დამატებითი ინფორმაცია, მაშინ უფრო გამოჩნდება მოსალოდნელი შედეგები. თუკი დღევანდელ სიტუაციას შევხედავთ, იმ ფონზე, რომ არის გაუმჯობესება საგარეო ფაქტორების მხრივ, დიდი ალბათობით, შესაძლებელია რომ მოლოდინებს თავისი როლი ეთამაშა.
-რა შემთხვევაში ჩათვლით საჭიროდ ინტერვენციის განხორციელებას, რომელზეც უკვე ისაუბრეთ. რა არის ის ზღვარი, როდესაც ეროვნული ბანკი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. რა შეიძლება აღმოჩნდეს ეს კრიტიკული მომენტი?
-ეროვნულ ბანკს არა აქვს რაიმე მაჩვენებელი კურსთან დაკავშირებით, იმის მიხედვით თუ რა სიტუაცია გვექნება, რა ანალიზს ჩავატარებთ და რა შედეგს გვიჩვენებს ეს ანალიზი, ეროვნული ბანკი მიიღებს ზომებს. იმ შემთხვევაში, თუ ნომინალური გაცვლითი კურსი გარკვეული პერიოდის განმავლობაში წონასწორობიდან იქნება გადახრილი ისე, რომ მან შეიძლება ინფლაციის ზრდას რისკი შეუქმნას, მაშინ ეროვნული ბანკი მიიღებს ზომებს, რაც გამოიხატება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაში.
-13 დეკემბერს სხდომა გაქვთ დანიშნული და ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ სწორედ მაშინ გადაწყდეს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება?
-წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ რაც შეეხება ინფლაციას, წელს იგი მიზნობრივი მაჩვენებლისგან არის გადახრილი, მაგრამ თავიდანვე გავაკეთეთ განცხადება, რომ ამ წლის განმავლობაში ინფლაცია მაღალი მთელი წლის განმავლობაში იქნებოდა ერთჯერადი ფაქტორების გამო.
-თქვენი აზრით, როდის ამოიწურება ეს ერთჯერადი ფაქტორები?
-ვფიქრობ, ერთჯერადი ფაქტორები 2017 წლის ბოლოს უნდა ამოიწუროს.
-ოპოზიციის წარმომადგენლებმა თქვენ დაგისვეს შეკითხვა, რომ დაგესახელებინათ ერთი შიდა ფაქტორი, რომელიც ახდენს გავლენას. ამ კონტექსტში გაიჟღერა მთავრობის პოლიტიკამ. არ არსებობს ასეთი ფაქტორი, თუ თქვენ არ ამბობთ, რა გავლენას ახდენს მთავრობის პოლიტიკა ლარის კურსზე?
-ვფიქრობ, რომ სრული პასუხი გავეცი შეკითხვებს, რადგან ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს ამ შეკითხვას ვინ დამისვამს. ეგზოგენური ფაქტორები იყო დასახელებული და ეს არ ნიშნავს აუცილებლად საგარეო ფაქტორს.
-გასულ კვირაში, „ქართული ოცნების“ პარტიულ ოფისში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის სტუმრობაზე რას იტყვით? ოპოზიციას და საზოგადოებას გაუჩნდა აზრი, რომ მიზანშეწონილი არ არის პარტიულ ოფისში ისეთი დამოუკიდებელი ფიგურის სტუმრობა როგორიც არის ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი...
-ზოგადად, თუკი რომელიმე საპარლამენტო ფრაქცია მოინდომებს, რომ ეროვნულ ბანკთან შეკითხვებისა და განმარტებების მიზნით, ყველა შემთხვევაში ყველასთან შესახვედრად მზად ვართ. ვფიქრობ, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე საუბარი არ უნდა იყოს დღეს, როდესაც ფინანსთა მინისტრი ბიუჯეტს პარლამენტში წარადგენს და გარეთ ლარი უფასურდება, ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი თავის ფუნქციებში დამოუკიდებელია.
0