14:34:42     29-11-2017
"უსაფრთხოების სამსახური ვეღარ უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას"

"შესაბამისი უწყებები და განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვეღარ უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას".
ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 21-22 ოქტომბერს ჩატარებული სპეცოპერაციის თემაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, მომხდარ ფაქტს ორი ახსნა აქვს - ერთი ვერსიით ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს გამოეპარა ტერორისტების გადაადგილება ქალაქში და მეორე ის, რომ სახელმწიფო დონეზე რაღაც ჯგუფმა შეითანხმა მათი ქვეყანაში შემოყვანა გაურკვეველი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
”ამ ფაქტს აქვს მხოლოდ და მხოლოდ ორი ახსნა. ან მოხდა საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ადამიანების შემოპარვა ქვეყანაში და შემდეგ მათ მოახერხეს განლაგება თბილისის ცენტრში. ეს მოახერხეს ისე, რომ თითქოს გამოეპარათ სპეცსამსახურებს წარმოუდგენელი შეიარაღება, რომელიც მათ მოაწყვეს საცხოვრებელ ბინაში. ან არის მეორე ახსნა, რომ სახელმწიფო დონეზე რაღაც ჯგუფმა შეითანხმა მათი ქვეყანაში შემოყვანა გაურკვეველი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. შემდეგ ამ შეთანხმების დარღვევა მოხდა და შეთანხმების მიღმა განხორციელდა და განვითარდა ის მოვლენები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ,” -განაცხადა ნიკა მელიამ.
დეპუტატი ვარაუდობს, რომ პირველი ვერსია, პრაქტიკულად, გამორიცხულია რამდენიმე მიზეზის გამო.
”პირველი, პრაქტიკულად, არის გამორიცხული, ანუ ის რომ შემოგვეპარა, ვინაიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ჩვენ ვიცით, რომ კვირების განმავლობაში ხორციელდებოდა ამ ადამიანებზე თვალთვალი. მეტიც, ნებისმიერი ჩვენგანი, დეპუტატი თუკი მიბრძანდება ისნის რაიონში, ნავთლუღში და გაესაუბრება იქ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, დარწმუნდება, რომ ყველა, პრაქტიკულად, ერთხმად საუბრობს, რომ არათუ რამდენიმე კვირის, არამედ თვეების განმავლობაში ხორციელდებოდა ამ საცხოვრებელ კორპუსზე თვალთვალი. ამას საუბრობს ადგილობრივი მოსახლეობა. ეს გამორიცხავს, რომ ეს ადამიანები იყვნენ შემოპარული.
აქედან გამომდინარე, ზედაპირზე დევს რეალობა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა არის მოშლილი. დასადგენია, თუ რეალურად რა იყო ამ ადამიანების მოტივი და მიზანი, ვინ შეუწყო ხელი, რომ ისინი უდრტვინველად ყოფილიყვნენ განლაგებული საცხოვრებელ კორპუსში თვეების განმავლობაში. ხელისგულზე დევს რეალობა, რომ შესაბამისი უწყებები და განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვეღარ უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას,” - განაცხადა ნიკა მელიამ.
”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა პარტიის პოზიცია, რომლის მიხედვითაც საჭიროა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა.
0