16:23:43     28-11-2017
"თეა წულუკიანმა უნდა გვითხრას, ახმედ ჩატაევის გათავისუფლების მომხრე ვინ იყო"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური თანახმაა პარლამენტში მივიდეს და ნდობის ჯგუფის ფორმატში ყველა კითხვას გასცეს პასუხი. სუს-ის ხელმძღვანელისა და იუსტიციის მინისტრის პარლამენტში მისვლა ოპოზიციამ დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა.
იგეგმებოდა თუ არა ტერაქტი საქართველოში, როგორ აღმოჩნდნენ ტერორისტები ქვეყანაში და როგორ შემოიტანეს მათ დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა. კითხვებზე პასუხს ოპოზიცია უშუალოდ ვახტანგ გომელაურისგან და თეა წულუკიანისგან ითხოვს.
„პრესა.ჯი“ საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრს, ირაკლი აბესაძეს ესაუბრა:
-როგორც უკვე ითქვა, ვახტან გომელაური პარლამენტში ნდობის ჯგუფის ფორმატში მოსვლას დათანხმდა. არის თუ არა, ოპოზიციისთვის მისაღები ეს ფორმატი და რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ შეხვედრას?
-რა თქმა უნდა, მისაღები არ არის, რადგან ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ამ საკითხში არის ბევრი შეკითხვა, რომელსაც პასუხი საჯაროდ უნდა გაეცეს. როგორ შემოვიდნენ ქვეყანაში ეს ადამიანები, როგორ შემოდიოდა და გროვდებოდა იარაღი საქართველოს ტერიტორიაზე, როგორ თავსდებოდა ეს იარაღი თბილისის ერთერთ ცენტრალურ უბანში. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ოფიციალურად უკვე მოწვეული გვყავს როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელი, ისე იუსტიციის მინისტრი. თუმცა, ხელისუფლება თავს არიდებს საჯაროდ ამ საკითხზე საუბარს და გადაწყვიტეს ნდობის ჯგუფის ფორმატში სუს-ის ხელმძღვანელის პარლამენტში მოყვანა. ხელისუფლებაში, როგორც ჩანს, აცნობიერებენ, რომ ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემას თავს ვერ აარიდებენ. ამიტომ, ფორმატი ერთი მხრივ არის მიუღებელი, რადგან ვფიქრობთ, რომ ფართო საპარლამენტო დეპუტაციის მონაწილეობით აუცილებელი იყო საკითხის განხილვა. თუმცა, ამ ფორმატშიც მივიღებთ მონაწილეობას, დავსვამთ იმ შეკითხვებს, რაც საზოგადოებას დაუგროვდა იმ ორაზროვანი პასუხებიდან, ან პასუხგაუცემელი კითხვებიდან, რომელიც სპეცოპერაციის დღეს და მის შემდეგ წარმოიშვა მისი შედეგებიდან გამომდინარე. ვნახოთ, რამდენად დამაჯერებელი იქნება გომელაურის პასუხები.
-მმართველ გუნდში ცალსახად მიაჩნიათ, რომ შეკითხვებზე პასუხის გაცემას გამოძიების დასრულება სჭირდება, რაც თავისთავად გარკვეულ დროსთან არის კავშირში. შეკითხვებზე პასუხი, რომელიც თქვენ და საზოგადოების დიდ ნაწილს გაგვაჩნია, რამდენად შეეფერება საჯარო განხილვას, იმ საფრთხეების გათვალისწინებით რაც რეალურ მოცემულობაში არსებობს?
-ნამდვილად ვერ ვხედავთ საფრთხეებს, რომ ვისაუბროთ იმაზე, რისი გამოსწორებაც ქართულ სპეცსამსახურებს მომავალში მოუწევთ, თუკი ეს იყო ობიექტური შეცდომები და სირთულეები. თუკი ვსაუბრობთ პრობლემებზე, ან იმაზე, რომ ვინმემ იცოდა ამ ადამიანების აქ არსებობის შესახებ, ან სხვა ტიპის ეჭვებზე, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა ტიპის ხელისუფლება მართავს ქვეყანას. ეს ყველაფერი არის ეჭვები, ვარაუდები, ვიდრე საზოგადოებას ხელისუფლება დამაჯერებელ პასუხს არ გასცემს. ამ პასუხების გაცემა ძალიან მნიშვნელოვანია თავად ხელისუფლებისთვისაც, რომ საზოგადოებას დაცულობისა და უსაფრთხოების შეგრძნება ჰქონდეს. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ვიღებთ სახელმწიფოს, სადაც ადამიანები აბსოლუტურად დაუცველად გრძნობენ თავს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროსაც კი.
-რატომ ხართ დაინტერესებული პარლამენტში იუსტიციის მინისტრის მოყვანით, ახლა უნდა გაარკვიოთ, რატომ იყო ის 5 წლის წინ ახმედ ჩატაევის ციხიდან გათავისუფლების წინააღმდეგი, თუ გაინტერესებთ, ვინ არ გაითვალისწინა მისი პოზიცია?
-დიახ, წულუკიანი, რომელიც მაშინ პროკურატურის სისტემის ხელმძღვანელი იყო, განაცხადა, რომ ის წინააღმდეგი იყო ჩატაევის გათავისუფლების და ეს იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება. თეა წულუკიანმა უნდა აღწეროს, რა პროცესის ფარგლებში იყო წინააღმდეგი და ვინ იყო მომხრე ჩატაევის გათავისუფლების.
-დღეს რატომ გახდა ეს საკითხი თქვენთვის აქტუალური?
-იმიტომ რომ, დღეს აღმოჩნდა, რომ ახმედ ჩატაევმა (თუ ეს დადასტურდება), იმსხვერპლა ქართველი სპეცრაზმელის სიცოცხლე და საფრთხე შეუქმნა ათეულობით ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ზოგადად, დედაქალაქის უსაფრთხოებას. თუ კი თავის დროზე შეცდომები, ან დანაშაულებრივი ქმედებები დაშვებული იყო, დღეს ამ პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
-დღეს დაჩქარებული წესით განიხილება ევა გოცირიძის კანდიდატურა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობაზე. თქვენი პოზიცია რომ ცნობილია,თუმცა საინტერესოა ელოდებით, რომ მმართველი გუნდი მხარს მაინც დაუჭერს მისი კანდიდატურის დამტკიცებას?
-ყველაზე უცნაური ის არის, მისი კანდიდატურის წარმოდგენას მხარი დაუჭირა ფაქტიურად უმრავლესობაში შემავალმა ყველა პოლიტიკურმა ფრაქციამ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღის წესრიგში საკითხი ჩაისვა დღეს, სულ რამდენიმე საათის უკან და თავად პროცესის დაჩქარებულად წარმართვაც მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას კარგად ესმის ოპოზიციის არგუმენტები. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ეს კანდიდატურა ობიექტურად შეუსაბამოა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობისთვის. თუმცა, როგორც ჩანს, ისინი იხდიან იმ ვალს, რომელიც დაუგროვდათ ევა გოცირიძის წინაშე, როდესაც ის იუსტიციის საბჭოდან იბრძოდა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ.
0