12:58:20     28-11-2017
რამდენ ადამიანს მოუწევს ახალი წლიდან სამსახურის დატოვება?

მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილების მიუხედავად, 2018 წლის ბიუჯეტში კორექტირება შეტანილი არ არის და ამდენად, გაურკვეველია, რა თანხა დაიზოგება აღნიშნული ცვლილების განხორციელების შედეგად.
ასევე უცნობია, რამდენ ადამიანს მოუწევს ახალი წლიდან სამსახურის დატოვება.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ რამდენიმე სამინისტროს გაერთიანების მიზანი, ეფექტური მენეჯმენტია, რათა სამინისტროების სწორად მართვა მოხდეს. ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციის კრიტიკასაც პასუხობს.
საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტში მთავრობის ოპტიმიზაციის შესახებ კანონპროექტის სიღრმისეული განხილვა მოხდება.
საპარლამენტო უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტის გარკვეულ კორექტირება მოხდეს, თუმცა მამუკა მდინარაძემ არ დააკონკრეტა, დარჩება თუ არა გარემოს დაცვის სამინისტრო ცალკე უწყებად.
„გარდა იმისა, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი შეიძლება იყოს ხარჯების ოპტიმიზაცია, მე ვფიქრობ, უფლებების დელეგირების, სწორი მენეჯმენტის კუთხითაც ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. არის გარკვეული საკითხები, სადაც შედარებით, ოდნავ განსხვავებული მოსაზრებებია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ შევჯერდებით სწორად. საერთო ჯამში, მმართველი გუნდი პრემიერის გადაწყვეტილებას ეთანხმება,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
დოკუმენტზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში დღეიდან დაიწყება.
ცვლილება რამდენიმე კანონში შედის, სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე მცირდება.
0